ვაქცინაცია

გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ Sinopharm-ით აცრილები WHO-ს ავტორიზაციის გარეშეც იმოგზაურებენ

"დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებენ თავისუფლად". – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჟურნალისტის კითხვას, შეძლებენ თუ არა Sinopharm-ით აცრილი მოქალაქეები მოგზაურობას იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინა WHO-ს ავტორიზაციას ვერ მიიღებს.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კოვიდპასპორტებზე წინასწარი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს ამ კვირაში წარუდგენს ამ პასპორტის მუშაობის პრინციპს. ამის შემდეგ კი მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ამირან გამყრელიძე ჩინური სინოფარმით 4 მაისს პირადაპირ ეთერში აიცრა. 

ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები. ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, 4 მაისს თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა. საქართველოს მთავრობას სინოფარმთან მოლაპარაკებები კიდევ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის მოწოდებაზე აქვს.  

WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

რაც შეეხება მოგზაურობას, აღსანიშნავია, რომ ევროკომისია წევრ ქვეყნებს სთავაზობს არააუცილებელ მოგზაურობაზე შეზღუდვების შემსუბუქებას ვაქცინირებული ხალხისთვის, რომლებმაც ევროკავშირის მიერ ავტორიზებული ვაქცინები გაიკეთეს, რაც შესაძლოა მოიცავდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების სიაში წარმოდგენილ ვაქცინებსაც.

კომენტარები