ევროკავშირი

EU: დახმარების პირობაა მოსამართლეების შერჩევაზე ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინება

Emerging Europe

ევროკავშირის საგარეო ქმედების სააგენტო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელშიც განხილულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი. ევროკავშირმა მრავალჯერ გამოთქვა შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზებისა და არსებული წესების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ ინიაციტივას, რომ შეიცვალოს შესარჩევი პროცესის სამართლებრივი ჩარჩო, გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და ეს ცვლილებები ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე მიიღო. ვწუხვართ, რომ საქართველოს ადრე უკვე ნაჩქარევი პროცესით აქვს განხორციელებული ამ კანონმდებლობაში ცვლილებები, ვენეციის კომისიისადმი დროულად მიმართვის და კომისიის საბოლოო მოსაზრებისთვის მოცდის გარეშე.

ამიტომ, ევროკავშირის დაჟინებით ურჩევს საქართველოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვოს ვენეციის კომისიისგან შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს. ახალი საკანონმდებლო წესები, მას შემდეგ, რაც მათ ვენეციის კომისია დაადასტურებს, კონკურსის ყველა მონაწილეზე თანასწორად უნდა გავრცელდეს.

საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უზენაესი სასამართლო, რომელიც საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა, დაკომპლექტებული იყოს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციის და პატიოსნების მქონე მოსამართლეებით. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე არის პირობა მოქმედი პროგრამის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემის". - ვკითხულობთ განცხადებაში.

1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.  პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა მმართველი გუნდის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მომზადებული ცვლილებები.

86-მა დეპუტატმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ, რომ პირველ აპრილს, ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც განიხილეს საქართველოში მაკროფინანსური და საბიუჯეტო დახმარების შეჩერების საკითხი.

ამ დახმარებაში იგულისხმება 2020 წლის აპრილში ევროკომისიის მიერ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის 3€ მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი, რომლის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო. დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა

კომენტარები