თაღლითური სქემა

თურქეთში კომპანიის უფროსმა $2 მილიარდის კრიპტოვალუტა მოიპარა და ქვეყნიდან გაიქცა

ფოტო: coinfomania.com

თურქული სავაჭრო პლატფორმის, Thodex-ის დამაარსებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ფარუკ ოზერმა ინვესტორების კუთვნილი 2 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარა და ქვეყნიდან გაიქცა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ოზერმა თავი ალბანეთს შეაფარა, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია და თურქეთმა საერთაშორისო დაკავების ორდერიც გასცა.  

Thodex-ი თურქეთში დაარსებული კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმაა, რომელსაც თითქმის 500 000 მომხმარებელი ჰყავს.  

მისი პოპულარობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეციალური აქციის ფარგლებში Thodex-ი 4 მილიონი Dogecoin-ის უფასოდ დარიგებას აპირებდა. 

Bloomber-ის ცნობით, Thodex-ს არც აქციის პირობები შეუსრულებია და ცრუ ინფორმაციის გავრცელება თაღლითური სქემის ნაწილი იყო, რითაც სავაჭრო პლატფორმამ დამატებით ახალი მომხმარებლები მოიზიდა. 

Thodex-ის დამფუძნებელი,  ფარუკ ოზერი

თურქეთში მრავალ ადგილობრივ სავაჭრო პლატფორმასთან ერთად ისეთი საერთაშორისო კომპანიებიცაა, როგორიც Binance-ა, თუმცა, Thodex-ისა და სხვა მსგავსი თაღლითური კომპანიისგან განსხვავებით, Binance მომხმარებლების მოსაზიდად ცრუ აქციებსა და სწრაფი გამდიდრების დაპირებებს არ იყენებს. 

სავარაუდოდ, Thodex-ის თაღლითური სქემით დაზარალებული მომხმარებლები დაკარგულ ინვესტიციას უკან ვერ დაიბრუნებენ. 

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტის ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე შენახვა და განთავსება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, მათ შორისაა: თაღლითური სქემების, პირადი ანგარიშის გატეხვის, სავაჭრო პლატფორმის გაკოტრებისა და სამომხმარებლო პოლიტიკის დარღვევის საფრთხეები. 


უკანასკნელი თვეების განმავლობაში თურქეთში კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

ექსპერტების თქმით, თურქული ლირის გაუფასურება და ინფლაციის დონის 16%-მდე ზრდა ხელს უწყობს მოსახლეობისა თუ ინვესტორების კრიპტოვალუტით დაინტერესებას, რასაც ცენტრალური ბანკი პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს. 

საპასუხოდ, 16 აპრილს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის ანგარიშსწორების საშუალებად გამოყენება აკრძალა

მოსახლეობას აეკრძალა კრიპტოვალუტით პროდუქტებისა და სერვისების შეძენა, გარდა ამისა, შეიზღუდა სავაჭრო პლატფორმებზე კრიპტოაქტივების ყიდვაც. 

კომენტარები