ბელარუსი

ლუკაშენკო: თუ მესვრიან, ძალაუფლება უშიშროების საბჭოს გადაეცემა, განკარგულებას ხელს მოვაწერ

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს, თქმით, ის ხელს მოაწერს განკარგულებას, რომლითაც შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის ძალაუფლების უშიშროების საბჭოსთვის გადაცემა იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ შეძლებს თავისი მოვალეობის შესრულებას.

"მე ხელს მოვაწერ განკარგულებას იმის შესახებ, თუ როგორ იქნება აწყობილი  ბელარუსში ძალაუფლება. თუ პრეზიდენტს ესვრიან, მეორე დღეს უშიშროების საბჭოს გადაეცემა ძალაუფლება". - თქვა ლუკაშენკომ.

ამჟამად, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური გახდება, ან ვერ შეძლებს მოვალეობების შესრულებას, მისი ძალაუფლება პრემიერმინისტრს გადაეცემა მანამ, სანამ ახალი პრეზიდენტი ფიცს დადებს.

"მითხარით, ხვალ თუ პრეზიდენტი არ იქნება, გარანტია გაქვთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება? არა" - უთხრა მან ჟურნალისტებს.

ლუკაშენკოს თქმით, პრემიერმინისტრი უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს, თუ პრეზიდენტი არ იქნება.

ალექსანდრ ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგება, თუ პროტესტი ან "რევოლუციური საქმიანობები" ქვეყანაში აღარ იქნება.

ბელარუსის უშიშროების საბჭოში ასევე შედიან KGB-ს უფროსები, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და სხვ.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები