აშშ-თურქეთი

ჯო ბაიდენსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

23 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. 

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ. 

"ორივე ლიდერი ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათზე და საერთო ინტერესების საკითხებზე მეტი თანამშრომლობის დამყარების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ" - ვკითხულობთ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

თეთრი სახლის განცხადებით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ივნისში, NATO-ს სამიტის ფარგლებში მათ შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება, რათა განიხილონ ორმხრივი და რეგიონული საკითხების სრული სპექტრი.

"პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი, დღეს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ესაუბრა და თანამშრომლობის გაფართოებულ სფეროებით და უთანხმოების ეფექტიანი მენეჯმენტით კონსტრუქციული ორმხრივი ურთიერთობების მიმართ ინტერესი გამოხატა". - ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.

22 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თურქეთი ქალთა დაცვის საერთაშორისო შეთანხმების, სტამბოლის კონვენციის დატოვების გამო გააკრიტიკა.

ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ეთნიკურ სომეხთა მასობრივი ხოცვის ფაქტის აშშ-ს მიერ გენოციდად შესაძლო აღიარების ინფორმაციას თურქეთი არ მიესალმება. ამას 21 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოეხმაურა

"განცხადებები, რომელთაც სამართლებრივი ვალდებულებები არ გააჩნია, სარგებლის მომტანი ვერ იქნება, პირიქით, [აშშ-თურქეთის] კავშირებს დააზიანებს. თუკი აშშ-ს ურთიერთობის გაუარესება სურს, მათი ნებაა". – თქვა ჩავუშოღლუმ Habertürk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მარტში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შესახებ. ჯო ბაიდენმა abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, თვლის თუ არა იგი პუტინს მკვლელად, დადებითად უპასუხა. მისი თქმით, ბაიდენის განცხადებები პუტინთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის შეუფერებელი და მიუღებელია. 

მანამდე, ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2020 წლის დეკემბერში აშშ-მ თურქეთს რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შეძენის გამო სანქციები დაუწესა.

კომენტარები