თურქეთი

თურქეთმა ქალთა დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულება დატოვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Reuters

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით თურქეთმა ქალთა დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულება დატოვა. გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა. სტამბოლში აქციაზე ასობით ქალი გამოვიდა.

ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული ხელშეკრულება, რომელსაც სტამბოლის კონვენცია ეწოდება, ოჯახური ძალადობის პრევენციას, ბრძოლას და თანასწორობის წახალისებას ემსახურება. თურქეთმა ხელშეკრულებას ხელი 2011 წელს მოაწერა.

უცნობია ხელშეკრულების დატოვების მიზეზი, თუმცა მთავრობის წარმომადგენლების თანახმად, ქალთა უფლებებს თურქეთის კანონმდებლობა დაიცავს და არ არის საჭირო "სხვებისთვის მიბაძვა".

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა თურქეთის გადაწყვეტილებას "დამანგრეველი" უწოდა.

"ეს დიდი უკან გადადგმული ნაბიჯია და სავალალოა, რადგან საფრთხეს უქმნის ქალების დაცვას თურქეთში, ევროპაში". - თქვა პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა​.

კონსერვატორების ნაწილი თურქეთში მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება ძირს უთხრის ოჯახის სტრუქტურას და ახალისებს ძალადობას. ზოგი უარყოფითად არის განწყობილი შეთანხმებაში წარმოდგენილი გენდერული თანასწორობის პრინციპის მიმართ. იმის გამო, რომ ხელშეკრულება ასევე ეწინააღმდეგება დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, კრიტიკოსები მასში ჰომოსექსუალიზმის წახალისების მცდელობას ხედავენ.

თურქეთის ვიცეპრეზიდენტმა ფუატ ოკტაიმ Twitter-ზე აღნიშნა, რომ თურქი ქალების ღირსებას ტრადიციების შენარჩუნება დაიცავდა და "ამ დიდებული მიზნისთვის საჭირო არ არის სხვების მიბაძვა" და პრობლემის გადაჭრის საშუალების საზღვარგარეთ ძიება.

ოჯახის, შრომისა და სოციალური პროგრამების მინისტრმა აღნიშნა, რომ კონსტიტუცია და არსებული კანონები ქალთა უფლებების დაცვის გარანტიას ქმნიდა.

ხელშეკრულების დატოვების კრიტიკოსები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება დააშორებს თურქეთსა და ევროკავშირს. ისინი თვლიან, რომ სტამბოლის კონვენცია და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობა უფრო მკაცრად უნდა მიიღოს.

გერმანიის თანახმად, თურქეთის გადაწყვეტილება არასწორ გზავნილს ქმნის. 

"არც კულტურული, არც რელიგიური და არც ეროვნული ტრადიციები არ შეიძლება იყოს ქალებზე ძალადობის უგულებელყოფის საბაბი" - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თურქეთი ფემიციდის სტატისტიკას ოფიციალურად არ აღრიცხავს, თუმცა ფემიციდის მონიტორინგის ჯგუფის თანახმად, ბოლო 10 წელიწადში ფემიციდის შემთხვევების მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. პლატფორმის ჩვენ შევაჩერებთ ფემიციდის თანახმად, 2021 წელს თურქეთში 77 ქალი მოკლეს, ხოლო 2020 წელს - 409.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, თურქეთში ქალების 38% პროცენტი სიცოცხლის მანძილზე პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხდება. იგივე მაჩვენებელი ევროპაში 25%-ია.

სტამბოლის მერმა, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრია ხელშეკრულების დატოვება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება "მტკივნეულია".

თავად ერდოღანმა ქალებზე ძალადობა დაგმო და თქვა, რომ ძალადობას აღმოფხვრიდა. ამ თვეში ერდოღანმა სასამართლო რეფორმები წარადგინა, რომლებიც პრეზიდენტის თქმით ქვეყანაში უფლებებთან და თავისუფლებებთან არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებდა და თურქეთს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებს. ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების საკითხი პოლიტიკაში განსხვავებისა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემების გამო რამდენიმე წელია გაყინულია.

კომენტარები