თურქეთი

ბაიდენმა თურქეთი ქალთა დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულების დატოვების გამო გააკრიტიკა

ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თურქეთი ქალთა დაცვის საერთაშორისო შეთანხმების, სტამბოლის კონვენციის დატოვების გამო გააკრიტიკა.

ბაიდენის თქმით, თურქეთის გადაწყვეტილება "იმედგაცრუებას" იწვევს და "უკან გადადგმული ნაბიჯია" ქალებზე ძალადობასთან ბრძოლაში.

"მსოფლიოში ჩვენ ვხედავთ ოჯახური ძალადობის შემთხვევების გახშირებას, მათ შორის იზრდება ფემიციდის შემთხვევების რაოდენობა თურქეთში". – თქვა ბაიდენმა.

ბაიდენი აღნიშნავს, რომ ქვეყნებმა ქალებზე ძალადობის დასრულებისთვის უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ და არ "უარყონ საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც ქალთა დაცვისთვის და მოძალადეთა დასჯისთვის არის შექმნილი".

"ჩვენ ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა შევქმნათ საზოგადოება, რომელშიც ქალები ძალადობისგან თავისუფლად იცხოვრებენ". – თქვა ბაიდენმა.

თურქეთის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა შეთანხმება გააკრიტიკეს ევროპაშიც. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ თურქეთი ქალთა უფლებებთან დაკავშირებით "საშიშ გზავნილს უგზავნიდა მსოფლიოს" და თურქეთს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ "ქალები იმსახურებენ ძლიერ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც მათ დაიცავს".

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა თურქეთის გადაწყვეტილებას "დამანგრეველი" უწოდა.

"ეს დიდი უკან გადადგმული ნაბიჯია და სავალალოა, რადგან საფრთხეს უქმნის ქალების დაცვას თურქეთში, ევროპაში". – თქვა პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა​.


კონვენციის დატოვენის შესახებ ცნობილი 20 მარტს გახდა. ხელშეკრულებიდან გასვლას სტამბოლში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოფიციალურ განცხადებით პრეზიდენტის ოფისმა გადაწყვეტილების მიზეზი ახსნა.

"სტამბოლის კონვენცია, რომელიც თავდაპირველად ქალთა უფლებების დაცვისთვის შეიქმნა, იარაღად იქცა იმ ადამიანების ხელშ, რომლებიც ჰომოსექსუალიზმის ნორმალიზებას ცდილობენ - რაც შეუთავსებელია თურქეთის საზოგადოების და ოჯახის ღირებულებებთან. შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება კონვენციის დატოვების შესახებ" - განმარტავს პრეზიდენტის ოფისი.

კონსერვატორების ნაწილი თურქეთში მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება ძირს უთხრის ოჯახის სტრუქტურას და ახალისებს ძალადობას. ზოგი უარყოფითად არის განწყობილი შეთანხმებაში წარმოდგენილი გენდერული თანასწორობის პრინციპის მიმართ. იმის გამო, რომ ხელშეკრულება ასევე ეწინააღმდეგება დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, კრიტიკოსები მასში ჰომოსექსუალიზმის წახალისების მცდელობას ხედავენ.

თურქეთის ხელისუფლების თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლის მიუხედავად, ბრძოლა ოჯახურ ძალადობასთან გაგრძელდება და "ხელისუფლების დღის წესრიგის სათავეში იქნება"

თურქეთის ვიცეპრეზიდენტმა ფუატ ოკტაიმ Twitter-ზე აღნიშნა, რომ თურქი ქალების ღირსებას ტრადიციების შენარჩუნება დაიცავდა და "ამ დიდებული მიზნისთვის საჭირო არ არის სხვების მიბაძვა" და პრობლემის გადაჭრის საშუალების საზღვარგარეთ ძიება.

ოჯახის, შრომისა და სოციალური პროგრამების მინისტრმა აღნიშნა, რომ კონსტიტუცია და არსებული კანონები ქალთა უფლებების დაცვის გარანტიას ქმნიდა.

ხელშეკრულების დატოვების კრიტიკოსები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება დააშორებს თურქეთსა და ევროკავშირს. ისინი თვლიან, რომ სტამბოლის კონვენცია და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობა უფრო მკაცრად უნდა მიიღოს.

თურქეთი ფემიციდის სტატისტიკას ოფიციალურად არ აღრიცხავს, თუმცა ფემიციდის მონიტორინგის ჯგუფის თანახმად, ბოლო 10 წელიწადში ფემიციდის შემთხვევების მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. პლატფორმის ჩვენ შევაჩერებთ ფემიციდის თანახმად, 2021 წელს თურქეთში 77 ქალი მოკლეს, ხოლო 2020 წელს - 409.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, თურქეთში ქალების 38% პროცენტი სიცოცხლის მანძილზე პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხდება. იგივე მაჩვენებელი ევროპაში 25%-ია.

სტამბოლის მერმა, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრია ხელშეკრულების დატოვება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება "მტკივნეულია".

თავად ერდოღანმა ქალებზე ძალადობა დაგმო და თქვა, რომ ძალადობას აღმოფხვრიდა. ამ თვეში ერდოღანმა სასამართლო რეფორმები წარადგინა, რომლებიც პრეზიდენტის თქმით ქვეყანაში უფლებებთან და თავისუფლებებთან არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებდა და თურქეთს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებს. ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების საკითხი პოლიტიკაში განსხვავებისა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემების გამო რამდენიმე წელია გაყინულია.

კომენტარები