კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: კალოიანის ინფორმაცია არასწორია, ტესტების საკმარისი რაოდენობა გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არასწორს უწოდებს ჯანდაცვის საკითხებში ევროპული საქართველოს მდივნის, ვახტანგ კალოიანის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვეყანაში Covid 19-ის დასადგენი ანტიგენ-ტესტების დეფიციტია. ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ტესტების საკმარისი რაოდენობა აქვს და 27 აპრილს კიდევ მილიონ-ნახევარი სწრაფი ტესტი შემოვა.

"ეს მათ ხელთ არსებული ინფორმაციაა მხოლოდ, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. ქვეყანაში არის ტესტების საკმარისი რაოდენობა, მათ შორის გვაქვს 400 000-მდე PCR ტესტი, დამატებით შესყიდვაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება. ასევე გვაქვს 100 000-მდე სწრაფი ტესტი, ყოველდღიურად ქვეყანაში შეუფერხებლად ვახდენთ 25-30 000-მდე მოქალაქის ტესტირებას, შესყიდვების პროცესი სწრაფ ტესტებთან მიმართებით დასრულებულია და 27 რიცხვისთვის ველოდებით მილიონ-ნახევარ სწრაფ ტესტს" - თქვა ტიკარაძემ.

მან ასევე მან უარყო ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ტესტებს დაჩქარებული წესით ყიდულობს.

"ჯანდაცვის უწყება დაჩქარებული წესით ტესტებს არ შეიძენს" - თქვა მინისტრმა.

ჯანდაცვის საკითხებში ევროპული საქართველოს მდივანმა, ვახო კალოიანმა  22 აპრილს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოში ამ დროისთვის მხოლოდ 25 000 ანტიგენის ტესტია დარჩენილი. მისი განმარტებით, ეს დოკუმენტებით დასტურდება. 

"იმ ნაკლული ლაბორატორიული გამოვლინების კამპანიის პირობებში, რომელიც დღეს გვაქვს, ცალსახად მსგავსი დეფიციტების შექმნა არის ძალიან სახიფათო და ის მიუთითებს პროცესის ძალიან ცუდ დაგეგმვაზე, მინიმალური რაოდენობის ზრდის პირობებშიც კი, როდესაც იქმნება ასეთი დეფიციტი, მაშინ, როდესაც ჩვენ რამდენიმე თვეა, ველოდებით რაოდენობის ზრდას აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, შეიძლება, აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როდესაც ვერ მოვახერხებთ ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენას". – ამბობს ვახტანგ კალოიანი. 

ევროპული საქართველოს წევრის ცნობითვე, სახელმწიფო აპირებს, ტესტები სწრაფი შესყიდვის წესით შეიძინოს, რაც მისი შეფასებით, კორუფციულ რისკებს ზრდის. 

"ჩავარდნილი ვაქცინაციის კამპანიის პირობებში ტესტების დეფიციტი შეიძლება, დრამატული აღმოჩნდეს, ამიტომ, მოვუწოდებ ხელისუფლებას, რაც შეიძლება, სწრაფად აღმოფხვრას ეს პრობლემა და, რაც მთავარია, დაგეგმოს სწორად ისე, რომ ყოველთვიურად არ მოგვიწიოს ტესტების სწრაფი შესყიდვის წესით შეძენა, რაც რა თქმა უნდა, თავისთავად ზრდის კორუფციულ რისკებს". – ამბობს კალოიანი. 

ვახო კალოიანმა ასევე წარმოადგინა დოკუმენტური მასალა, რომელიც მის ნათქვამს ადასტურებს. კერძოდ, ევროპულმა საქართველომ მედიას მიაწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადება, რომლითაც მან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს, ლევან რაზმაძეს მიმართა. 

"გართულებული ეპიდსიტუაციის პირობებში, ტესტირებების რაოდენობის მკვეთრად ზრდის გამო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შესყიდული ანტიგენის განმსაზღვრელი 1.0 მლნ ტესტის მოწოდებამდე (რომელიც ბოლო ინფორმაციით დაგეგმილია მიმდინარე თვის ბოლოს), ქვეყანაში იქმნება ტესტების გარკვეული დეფიციტი, შესაბამისად შესყიდული ტესტების ახალი პარტიის მიღება/დისტრიბუციამდე აუცილებელია ადგილზე არსებული მარაგების შევსება, რათა თავიდან ავიცილოთ წყვეტა ტესტების მომარაგებაში და შესაბამისად გართულებული ეპიდსიტუაციის პირობებში ტესტირებისადმი საყოველთაო ხელმისაწვდომობის შემცირება". – წერია დოკუმენტში. 

კომენტარები