ევროპული საქართველო

ბოკერია ამნისტიაზე: უპატიოსნებაა, ჯერ დათანხმდე, მერე პასუხისმგებლობა სხვებზე გაანაწილო

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, როდესაც პოლიტიკოსი იღებს მძიმე გადაწყვეტილებას, ამის შესახებ მან მკაფიოდ უნდა თქვას. 

ასე პოლიტიკოსი იმ დისკუსიას ეხმაურება, რომელიც საზოგადოებაში ევროკავშირის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ გაჩნდა – უნდა შეეხოს, თუ არა 20 ივნისს ამნისტიის პუნქტი იმ სამართალდამცველებსაც, რომლებმაც აქციის დარბევისას ძალას გადაამატეს, ან მათ, ვინც დარბევის ბრძანება გასცა? 

"როდესაც პოლიტიკოსი იღებს გადაწყვეტილებას, თუნდაც მძიმე გადაწყვეტილებაში, რომ ამ შემთხვევაში ისეთ ამნისტიაზე წავიდეს, რაც მორალურადაც და პოლიტიკურადაც მძიმეა, ამის შესახებ უნდა თქვას მკაფიოდ, საზოგადოებას უნდა ესაუბროს, მათ შორის, განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც დაზარალებულია, მაგრამ მთელ საზოგადოებას და თუ თვლის, რომ ის შეთანხმება და ყველა სხვა ქვეყნისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხი ამას გადაწონის, მაშინ უნდა ჰქონდეს ასეთი პოზიცია. 

ჩვენთვის, იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ვერ წონიდა ამას, ამიტომაც არ ვართ ამ შეთანხმების ნაწილი. ყველაზე არასწორი ისაა, რაღაცაზე დათანხმება და მერე პასუხისმგებლობის სხვებზე გადანაწილება. ეს უპატიოსნო და არაკორექტული პოზიციაა და კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების ნდობის კუთხით არსებულ კრიზისს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს ლიდერი ამბობს, რომ, თუკი ვინმეს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ამ ნაწილში, ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიაა. 

"ამბობენ, მელიამ უნდა განმუხტოს სიტუაცია და პოზიცია შეიცვალოსო. ეს არასწორი მიდგომაა. თუ პოლიტიკოსები თვლიან, რომ ეს [ამნისტია] სწორია ქვეყნისთვის, მელიას პოზიცია იქნება, თუ საზოგადოების პატივსაცემი ნაწილის, ამისდა მიუხედავად უნდა გააკეთონ. თუ ასე არ თვლიან, მაშინ ეს შეთანხმებამდე უნდა გარკვეულიყო და არა ხელმოწერის შემდეგ". – ამბობს გიგა ბოკერია. 

პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, ერთერთი მიზეზი, რის გამოც ევროპულმა საქართველომ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ისაა, რომ საბოლოო ჯამში "ივანიშვილმა ნაწილობრივ წარმატებით გამოიყენა მძევლებით ვაჭრობის ტაქტიკა" და ეს ქვეყნისთვის ცუდი პრეცედენტია. 

"მაგრამ რაღაც მომენტში ფურცელი უნდა დაიხუროს და ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ ამ არასახარბიელო ვითარებიდან გამოსვლაზე, არჩევნების გზით ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოშორებაზე და ევროპული საქართველო აპირებს ამაზე ფოკუსირებას". – თქვა გიგა ბოკერიამ. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით კი "ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც კონკრეტულად ვიცით მუხლი, რა მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგება. იმ ადამიანებს, ვინც არ არის დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხებათ. შესაბამისად, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული ბევრი ადამიანით, არავის არ და ვერ შეეხება ეს კანონი, ამაზეც შევთანხმდით დღევანდელ დღეს".

მეორეს მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები