ნიკა მელიას საქმე

ლომჯარია: POG-ს შეუძლია, მელია დღესვე გაათავისუფლოს გირაოს შეფარდების გარეშეც

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პროკურატურას გირაოს გარეშე მელიას გათავისუფლება დღესვე შეუძლია. ლომჯარია უწყებას რეკომენდაციას აძლევს, "რაც შეიძლება დროზე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება".

"მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ისევ იმ პოზიციაზეა, რაც ჰქონდა გირაოს საკითხთან დაკავშირებით. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, რომ მას არ შეუცვლია ჯერჯერობით პოზიცია, არ ვიცი, რა იქნება ხვალ ან რა შეიძლება გახდეს იმის წინაპირობა, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს. ის თვლის, რომ გირაო არ ყოფილა ამ შეთანხმების საგანი და არ ყოფილა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული. ასევე, საუბრობს იმაზე, რომ მასთან არ ყოფილა გირაოს საკითხთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები მხარეების მხრიდან. 

ჩემი პოზიცია არის ის, რომ პროკურატურას შეუძლია, დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია, გირაოს შეფარდების გარეშეც არის ეს შესაძლებელი. თუ ხელშეკრულება დადებულია იმისთვის, რომ პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს, ეს გადაწყვეტილება შეუძლიათ, ძალიან თავისუფლად გააკეთონ. მე და ნიკა მელიას ამის შეცვლა არ შეგვიძლია, თუმცა ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა პროკურატურის მისამართით, რომ რაც შეიძლება დროზე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება". – ამბობს ნინო ლომჯარია. 

გუშინ, 19 აპრილს, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებული მართლმსაჯულებაა, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. დღეს, 20 აპრილს, დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ.

შეთანხმების დოკუმენტს ხელი ასევე მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა და ევროპელმა სოციალიტებმა (დავით ზილფიმიანი).

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

დოკუმენტს ხელს არ აწერს ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები