პოლიტიკური კრიზისი

კუბილიუსი: ვულოცავ პოლიტიკურ საზოგადოებას, როგორც ვხედავთ, კრიზისი დასასრულს უახლოვდება

"როგორც ჩანს, კრიზისი დასასრულს უახლოვდება, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებას, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ჩათვლით". – ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ევრონესტის სხდომის გახსნაზე, გუშინ, საქართველოში ქართული ოცნებისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას გამოეხმაურა.

კუბილიუსმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მისი ლიდერობისთვის მიმდინარე პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასასრულს უახლოვდება.

"უკანასკნელ დღეებში, მათ შეძლეს მხარი დაეჭირათ შარლ მიშელის შეთავაზებისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოში პოლიტიკური და გარკვეულწილად დემოკრატიული კრიზისის დასრულებისკენ. მეორე მხრივ, მინდა შევაქო შარლ მიშელის ლიდერობა ამ საკითხში. ეს არის ზუსტად ის, რაც ევროკავშირმა უნდა აჩვენოს მეზობელ რეგიონებში, სადაც გამოწვევები ზოგჯერ ძალიან ინტენსიურია". – თქვა კუბილიუსმა

გუშინ, 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა. დღეს, 20 აპრილს, დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა.

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები