პოლიტიკური კრიზისი

საია, ISFED, TI: მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ შარლ მიშელის კომპრომისულ წინადადებას

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მოუწოდებენ ოპოზიციასა და ხელისუფლებას, ხელი მოაწერონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს. 

"მისასალმებელია, რომ მედიაციაში ჩართულმა ცალკეულმა პარტიებმა დოკუმენტის ხელმოწერის მზაობა გამოხატეს, თუმცა სამწუხაროდ, ნაწილის ნება არ არის მკაფიოდ გამოხატული.

საქართველოს წინაშე არსებული საგარეო საფრთხეები, მძიმე ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოითხოვს ისეთ კომპრომისს, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში, რაც დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღების წინაპირობაა.

დასავლელი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა და წარმოდგენილი კომპრომისული წინადადება შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულების რეალური გზაა. მოვუწოდებთ მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ აქტორს გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის შექმნილი საფრთხე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით, ხელი მოაწერონ წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი იმპლემენტაცია მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად". – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

 

ჯერჯერობით, ახალ დოკუმენტს ხელი გირჩის სამმა დეპუტატმა, იაგო ხვიაჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და ვახტანგ მეგრელიშვილმა მოაწერა. "ხარვეზების მიუხედავად" დოკუმენტს ხელს აწერს სატრატეგია აღმაშენებელი და ლელო.  ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო ზურა ჯაფარიძემაც. 

ქართული ოცნება მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზებული დოკუმენტი, თუმცა, მმართველი პარტია არ დათანხმდება მასში რაიმე შინაარსობრივ დამატებას. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელის მოწერას არ აპირებს, რადგან "პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტი ბუნდოვანია, ხოლო ვადამდელის საკითხის თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა – მიუღებელი".


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები