ნამახვანჰესი

ეკონომიკის და გარემოს სამინისტროები ნამახვანზე: მიუღებელია მოთხოვნების კატეგორიული ტონი

ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროები ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებენ, სადაც მიესალმებიან საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას ნამახვანჰესის პროტესტის თაობაზე.

სამინისტროები ხაზს უსვამენ დიალოგის აუცილებლობას და ისურვებენ, რომ ყველა სადავო საკითხი განხილულ იქნას დიალოგის რეჟიმში, რათა ყველა შეკითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი და საზოგადოებას მიეწოდოს.

"მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ვითარების შემდგომი ესკალაცია, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ადგილს დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის.

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ცივილიზებულ სამყაროში, რომლის ნაწილიც არის საქართველო, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სადავო საკითხების მოგვარება. იმედი გვაქვს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, თანხმობას განაცხადებენ დიალოგზე და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მთელი საზოგადოების ინტერესებში იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას".

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა. სიტუაცია რიონის ხეობაში ამ დრომდე დაძაბულია. აქტივისტები ბარიკადებს მუშტებს ურტყამენ და აცხადებენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სოფელ გუმათში, საპროტესტო აქციაზე ტრანსპორტის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების შექმნის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით 6 ადამიანი დააკავეს. 

კომენტარები