პოლიტიკური კრიზისი

გახარიას გუნდი პარლამენტში ოპოზიციისთვის განკუთვნილ სკამებზე გადაჯდა

პარლამენტი
TV1

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდი პარლამენტში ოპოზიციისთვის განკუთვნილ სკამებზე გადაჯდა.

დღეს, 14 აპრილს, მე-10 მოწვევის პარლამენტმა პლენარული სხდომა გაიმართა. გახარიას გუნდიდან არ იმყოფებოდა მხოლოდ მიხეილ დაოშვილი, რადგან კორონავირუსით არის ინფიცირებული. 

ქართული ოცნება სულ 6-მა დეპუტატმა დატოვა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაოშვილმა, ანა ბუჩუკურმა და შალვა კერესელიძემ დატოვა. როგორც დეპუტატები განმარტავენ, ისინი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და გადაწყვეტილება მასთან ერთად მიიღეს.

"გიორგი გახარიასთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე და ახალ ფაზაზე. ვტოვებთ ქართულ ოცნებას და პარლამენტში ამ ეტაპზე საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები. ჩვენ ვიყავით ქართული ოცნების წევრები და, შესაბამისად, ვიზიარებთ იმ წარმატებებსა და წარუმატებლობებს, რაც ამ პერიოდში მოხდა. ამავე დროს, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს.

ჩვენი ქვეყანა დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მოქალაქეებს უწევთ, ყოველდღიურ რეჟიმში ისეთი პრობლემების გამკლავება, როგორიც არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე. ეს ის პრობლემებია, რომლებიც მოსახლეობას აინტერესებს და არა ის დაუსრულებელი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და კინკლაობა. ჩვენ ამ პრობლემებს ვხედავთ, არ გვეშინია სიმართლის თქმს და პრობლემებისთვის თვალის გასწორების". - ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი. 

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად. 

 

კომენტარები