კორონავირუსი და შეზღუდვები

ბიზნესის წარმომადგენელს კანცელარიასთან გაშლილი კარავი პოლიციამ წაართვა

მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, სასტუმროს მფლობელ გურამ გოგიშვილს პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტის ნიშნად გაშლილი კარავი წაართვა.

ტაბულას ინფორმაციით, გოგიშვილი ბიზნესის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქვეყანაში დაწესებულ კომენდანტის საათს აპროტესტებს და მის მოხსნას ითხოვს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას ღამის საათებში გადაადგილების ნებართვა ჰქონდა, პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2 000 ლარით მაინც დააჯარიმა. 

"მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილების ოფიციალური საშვი არსებობს, ჩვენი საამაყო პოლიცია პირდაპირ მოდის, არღვევს კანონს, გეუბნება თეთრზე, რომ არის შავი და საშვი, რომელიც მაქვს ტელევიზიისგან, ცნეს არალეგალურად, გამომიწერეს 2 000-ლარიანი ჯარიმა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ჩავიბარე". – თქვა აქტივისტმა. 

ტაბულა მომხდარზე დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

ბოლო დღეების განმავლობაში ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციებს მართავენ. ისინი პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათ პირობებში მუშაობა უჭირთ. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები