ნამახვანჰესი

NGO-ები ნამახვანზე: შსს-ს მოქმედებები არადამაჯერებელია, პროტესტის ხელშეშლას ისახავს მიზნად

Ombudsman

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მწვანე ალტერნატივა ეხმაურებიან რიონის ხეობაში გუშინ, 11 აპრილს განვითარებულ მოვლენებს, რამაც, ორგანიზაციების ცნობით, უხეშად და დაუსაბუთებლად შეზღუდა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, მივიჩნევთ, რომ უკანასკნელ დღეებში ხელისუფლების მიერ გატარებულმა საპოლიციო მოქმედებებმა განსაკუთრებულად მძიმე და უფლებაშემლახავი ფორმები მიიღო, რაც დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყდეს და ხელისუფლების მოქმედებები დაუბრუნდეს ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს.

"მივიჩნევთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკუთარი მოქმედებების დასაბუთება სრულიად არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია და მიზნად რიონის ხეობის მცველების მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის ხელშეშლას ისახავს, რაც მძიმე, გაუმართლებელი და არაპროპორციული ჩარევაა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაში. აღნიშნულზე ასევე მიუთითებს რიონის ხეობის მცველების მიერ პოლიციისადმი არაერთხელ გაჟღერებული მიმართვა, არსებული კარვების აღების სანაცვლოდ მიეცათ მათთვის უშუალოდ სოფელ ნამოხვანში, ალტერნატიულ ტერიტორიაზე კარვების გაშლის შესაძლებლობა, რაც სრულიად დაუსაბუთებლად უარყოფილი იქნა სამინისტროს მხრიდან. საბოლოოდ, პროტესტის მონაწილეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სოფელ ნამოხვანში მათი პროტესტის ადგილი და გადასულიყვნენ სოფელ გუმათთან შეკრებილებთან. აღსანიშნავია, რომ 11 აპრილს გადაადგილების შეზღუდვა უშუალოდ ხეობის მცველების გარდა, შეეხოთ მედიის წარმომადგენლებსაც". – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში. 

არასამთავრობოების ცნობით, კარვების დაშლის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია ბანაკის ტერიტორიიდან ალკოჰოლური სასმელის ბოთლები ამოღების შესახებ, რაც პროტესტის მონაწილეების მიერ აღქმული იქნა მათი მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობად. ამ ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებულ ეჭვებს ამძაფრებს თავად დემონსტრანტთა ბანაკში დამკვიდრებული შინაგანაწესი და პრაქტიკა, მკაცრად გაკონტროლდეს ქცევის წესები, რაც ალკოჰოლის მოხმარებას კრძალავს.

ამ დროისთვის, რიონის ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები მობილიზებულები არიან სოფელ გუმათთან არსებულ პოლიციის ბლოკპოსტთან და ითხოვენ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილებას და სოფელ ნამოხვანში კარვების ხელახალი გაშლის შესაძლებლობას. სოფელ გუმათთან დამატებით იკრიბებიან აქციის სხვა მხარდამჭერები.

"მნიშვნელოვანად მივიჩნევთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი თქვას გადადგილებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე და საკუთარი მოქმედებები მოაქციოს ადამიანის უფლებების სტანდარტებში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რიონის ხეობის მცველების მუდმივი მცდელობა და არაერთგზის გაცხადებული განზრახვა, მიმდინარე პროცესები დარჩეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებში, რასაც ისინი გუშინ საკუთარი მოქმედებებით ადასტურებდნენ და ადგილზე მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, არ სწევდნენ ფიზიკურ წინააღმდეგობას პოლიციის მიერ დადგენილი შეზღუდვების მიმართ". – აცხადებენ არასამთავრობოები. 

ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დაუყოვნებლივ დაუბრუნოს საკუთარი ქმედებები კანონის ჩარჩოებს და უზრუნველყოს რიონის ხეობის მცველების და მათი მხარდამჭერების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, აღადგინოს გადაადგილების თავისუფლება. აქციის მონაწილეებს მიეცეთ სოფელ ნამოხვანში შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა;

საქართველოს მთავრობას:

  • გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა რაც საჯარო ინტერესების დაცვასა და პროცესების ადამიანის უფლებების და დემოკრატიულ პრინციპების საფუძველზე წარმართვას გულისხმობს; უარი თქვას ნამახვანიჰესის მშენებლობის გაგრძელების უკანონო, რეპრესიულ ფორმებზე და მიმდინარე პროცესები დააბრუნოს საჯარო, მონაწილეობითი დიალოგის ფორმატში, რასაც არსებული პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ შესაძლებლობად მივიჩნევთ.

საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტებს:

  • მათი მანდატისა და მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესების ადამიანის უფლებების ფარგლებში, დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით წარმართვისათვის.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მწვანე ალტერნატივა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რიონში მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების მიზეზით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქტივისტების კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, უკვე რამდენიმე თვეა, კარვები აქვთ გაშლილი.

სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 აპრილს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები