ოკუპირებული ტერიტორიები

სამხარაძე: საკოორდინაციოზე დადგება აფხაზეთიდან გადმოსვლის წესების შემსუბუქების საკითხი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე დადგება ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტოლირებად ტერიტორიებზე გადმოსვლის წესების შემსუბუქების საკითხი. 

"თავის დროზე ეს პუნქტი გაჩნდა იმიტომ, რომ აფხაზეთში იყო ძალიან რთული ვითარება პანდემიასთან დაკავშირებით. ძალიან ცოტა ტესტი კეთდებოდა 24 საათის განმავლობაში და ამ ტესტებიდან ძალიან მაღალი იყო მაჩვენებელი. ანუ COVID-ვითარება ბევრად უფრო მძიმე იყო აფხაზეთში, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. პუნქტი გაჩნდა იმიტომ, რომ იქიდან დამატებით არ შემოსულიყვნენ დაავადებული ადამიანები. 

გუნდში პირველადი განხილვა იყო ამასთან დაკავშირებით და, ალბათ, ძალიან მალე საკოორდინაციო საბჭოზე დადგება საკითხი, რომ შემსუბუქდეს უფრო ჩვენი აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის წესები". – თქვა სამხარაძემ იმედის ეთერში. 

7 აპრილს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, უკანონო დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს ოთხი მოქალაქე მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა. ენგურის გადმოკვეთისას ოთხივე მათგანი დაიღუპა

კომენტარები