ოკუპირებული ტერიტორიები

სუს-ი გალზე: ეს არის ოკუპაციის არსი, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული გალიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, უკანონო დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს სამი მოქალაქე მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა. ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა. 

"აღნიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. წლების განმავლობაში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო ე.წ. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. საკითხის განხილვა მოხდება უმწვავესი ფორმით ყველა არსებული ფორმატის ფარგლებში". – წერია უწყების განცხადებაში. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გალიდან გადმოსულ კიდევ ერთ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ. 

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები