აშშ-ჩინეთი

ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთის სუპერკომპიუტერული კომპანიები შავ სიაში შეიყვანა

ფოტო: BBC.COM

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის ეკონომიკურ შავ სიას 7 ჩინური სუპერკომპიუტერული კომპანია დაემატა

კომპანიების შავ სიაშია შეყვანის მიზეზად ჩინეთის კომუნისტურ მთავრობასთან და შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობა სახელდება. 

სავაჭრო დეპარტამენტის განმარტებით, ეს კომპანიები ჩართულნი იყვნენ იმ სუპერკომპიუტერების შექმნაში, რომელთაც ჩინეთის შეიარაღებული ძალები მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამებში იყენებდნენ. 

"სუპერკომპიუტერული შესაძლებლობები მნიშვნელოვანია თითქმის ყველა თანამედროვე იარაღისა და თავდაცვითი სისტემის განვითარებისთვის, იქნება ეს ბირთვული ბომბი, ზებგერითი იარაღი თუ სხვა". – თქვა სავაჭრო დეპარტამენტის მდივანმა, ჯინა რაიმონდომ. 

შავ სიაში მოხვედრილ კომპანიებს ეზღუდებათ როგორც ვაჭრობის, ასევე ამერიკული პროდუქტებისა თუ სერვისების მიღების შესაძლებლობები. 

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აგრძელებს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულ მკაცრ სტრატეგიას ჩინური კომპანიების მიმართ. 

ტრამპის ადმინისტრაციის სამიზნეებს შორის იყვნენ: სმარტფონების მწარმოებლები Huawei და Xiaomi, ჩიპებისა და ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანია SMIC, დრონებისა და უპილოტო საფრენი აპარატების კომპანია SZ DJI Technology და სხვა ათეულობით კომპანია, რომლებსაც სავაჭრო დეპარტამენტი ჩინეთის შეიარაღებულ ძალებთან კავშირებში ადანაშაულებს. 

კომენტარები