Facebook

Facebook-მა ქართულ მარშთან დაკავშირებული 70 ანგარიში წაშალა

რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის (DFRLab) კვლევის შედეგად, Facebook-მა ქართულ მარშთან დაკავშირებული 70 ანგარიში წაშალა, რომელთა უმეტესობა გასართობი ან შოპინგის გვერდებად იყო შენიღბული. წაიშალა 24 გვერდი, 12 ჯგუფი, 23 მომხმარებლის ანგარიში და 11 ინსტაგრამის მომხმარებლის ანგარიში.

ქართული მარშის ჯგუფების, გვერდებისა და მომხმარებლების წაშლას წინ უძღვოდა 2020 წლის DFRLab-ის კვლევა, რომლის მიხედვითაც ქართული მარშისა და სამთავრობო მედია POSTV-ის მხარდამჭერი საეჭვო ანგარიშები გამოააშკარავეს. 

"ამ აქტიურობის უკან მდგომი ადამიანები ცრუ და ორმაგ ანგარიშებს იყენებდნენ, რათა დაეპოსტათ, დაეკომენტარებინათ და ჯგუფებისა და გვერდების მენეჯმენტი გაეწიათ. ამ ქსელებს რამდენიმე გაფრთხილება ჰქონდა ჩვენი საზოგადოების სტანდარტების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, სიძულვილის ენის გამოყენების გამო. ისინი ძირითადად ქართული მემარჯვენე პარტია ქართული მარშის აზრების გავრცელებას უწყობდნენ ხელს. ეს ქსელი პოსტავდა სიახლეებსა და მიმდინარე მოვლენებს, არჩევნების, ხმების გაყალბების, კოვიდ-19-ის პანდემიისა და აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენის კრიტიკის ჩათვლით. როდესაც ეს გვერდები გავაუქმეთ, მოქმედება ახალდაწყებული ჰქონდათ. 

ჩვენ ეს ქსელი ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის მიერ (DFRLab) შეტყობინების შემდეგ აღმოვაჩინეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქმედებათა უკან მდგომი ადამიანები საკუთარ ვინაობასა და საქმიანობას მალავდნენ, ჩვენმა გამოძიებამ აღმოაჩინა კავშირი მათსა და ქართულ მარშთან კავშირში მყოფ ადამიანებს, ასევე მარშის ახალგაზრდულ ფრთას შორის". - დაწერა Facebook-ის წარმომადგენელმა ქართულ მარშთან დაკავშირებული ანგარიშების წაშლის შესახებ.

წაშლილი გვერდებიდან ზოგიერთი ქართული მარშის ოფიციალური გვერდი იყო, ზოგი კი პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი შიხიაშვილთან იყო კავშირში. 

ერთ-ერთი გვერდი მარში ტვ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე იყო შექმნილი. DFRLab-ის კვლევის მიხედვით ამ გვერდს რამდენიმე Facebook ჯგუფის მართვასთანაც ჰქონდა წვდომა. ჯგუფებს შორის იყო: საგიჟეთი, ღამურები, ყიდვა გაყიდვა საქართველოში და შერეკილები.  გვერდი მარში ტვ-ს პოსტების რეკლამირებას ხელს უწყობდა ბექა კვიციანიც, რომელსაც კრემლთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამავრცელებელ News Front Georgia-სთან ჰქონდა შეხება.

ქართულ მარშთან დაკავშირებული ანგარიშები ასევე ცდილობდნენ დავითგარეჯის თემასთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობაზე ზემოქმედებას. 

ასევე წაშალეს ფოტოგრაფ და ვიდეობლოგერ გიორგი თორელთან დაკავშირებული გვერდები. DFRLab-მა აქამდეც გამოააშკარავა გიორგი თორელთან დაკავშირებული გვერდები, რომლებიც ქართული მარშისა და სამთავრობო მედია POSTV-ის პოსტებსა და ვიდეოებს აზიარებდნენ. 

Facebook გვერდების გარდა, ზოგიერთი მომხარებლის ანგარიში, რომელიც ქართული მარშის რეკლამირებას ეწეოდა, ასევე კავშირში იყო სამთავრობო მედია POSTV-ისთანაც. 

 

კომენტარები