გიორგი გახარია

კობახიძე გახარიაზე: ჩვენ არავითარ პრობლემებს არ ველოდებით

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, IRI-ს უახლეს კვლევაში გიორგი გახარიას, ყველაზე მოსაწონ პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს შორის მეორე ადგილზე 65%-ით ყოფნა, გარკვეულწილად იმის დამსახურებაა, რომ საველე სამუშაოების დროს გახარია ჯერ კიდევ პრემიერმინისტრი იყო.

"ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ როდესაც კვლევა, საველე სამუშაოები ტარდებოდა, იმ დროს 90%-ის განმავლობაში, გიორგი გახარია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და პრემიერმინისტრი იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს.  ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ გიორგი გახარიას, როგორც პრემიერმინისტრს მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა IRI-ის კვლევამ". – თქვა მან.

პალიტრანიუსის წამყვანის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ირაკლი კობახიძე, რომ გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგის გაზომვისას მას უფრო მცირე მაჩვენებელი ექნება, ქართული ოცნების თავმჯდომარემ უპასუხა, რომ "ალბათ, ესე უნდა ვივარაუდოთ, გამომდინარე იქიდან, რომ პარტიის რეიტინგი პერსონალურ რეიტინგს განსაზღვრავს. თუმცა, დაველოდოთ მომდევნო კვლევები, ის აჩვენებს ყველაფერს. დღეს არც არის ეს საკითხი აქტუალური, რადგან გიორგი გახარია პოლიტიკურ პროცესებში დღეს არავითარი ფორმით არ არის ჩართული".

წამყვანმა კობახიძეს ასევე ჰკითხა, პოლიტიკური პარტიის შექმნის შემთხვევაში, ვის შეუქმნის გიორგი გახარია პრობლემებს - მმართველ გუნდსა თუ ოპოზიციას.

"ჩვენ არავითარ პრობლემებს არ ველოდებით". - უპასუხა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად. 

22 მარტს, გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. 

კომენტარები