აშშ-რუსეთი

აშშ რუსეთის მიერ არქტიკაში სამხედრო გაფართოების შესახებ: ახლოდან ვადევნებთ თვალს

რუსული ბაზა არქტიკული სამყურა
ფოტო: რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო

ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ პოლუსზე, არქტიკის რეგიონში, რუსეთის სამხედრო აქტიურობა თანდათან იზრდება. 

ბოლო წლების კლიმატურმა ცვლილებებმა არქტიკაში ყინულის დნობის პროცესი დააჩქარა, რამაც რუსეთის ფედერაციას რეგიონში გააქტიურების სტიმული მისცა, რადგან მას აქ არსებული ბუნებრივი რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა ეძლევა. ასევე რუსეთს სურს ჩრდილოეთის ზღვის გზაზე გავლენის მოპოვება. ჩრდილოეთის ზღვის გზა (NSR)  ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტია ალასკასა და ნორვეგიას შორის. 

ბოლო ხუთი წლის მანძილზე არქტიკაში რუსეთმა ცივი ომის დროინდელი საბჭოთა კავშირის სამხედრო ბაზების აღდგენა, ანტისაჰაერო სისტემების დამონტაჟება, ახალი ბირთვული იარაღის ტესტირება და სამხედრო ინფრასტრუქტურის შენება დაიწყო. 

ამ მოვლენებს 5 აპრილს პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი, ჯონ კირბი გამოეხმაურა.

"რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან ახლოდან ვადევნებთ თვალს". – თქვა კირბიმ. 

ჯონ კირბის თქმით, ეს რეგიონი, რომელიც პოტენციური სტრატეგიული კორიდორია ევროპას, აშშ-სა და ინდო-წყნაროკეანეთს შორის, აშშ-ს უსაფრთხოების უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი წერტილია, ამიტომაც ისინი აქ არსებულ საკუთარ ინტერესებს აუცილებლად დაიცავენ. 

"როგორც ვთქვი, ჩვენ ამ რეგიონში ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი გაგვაჩნია, რომლებიც ვიცით, რომ უნდა დავიცვათ. და ასევე, როგორც აღვნიშნე, არქტიკის მილიტარიზაცია არავის ინტერესებში არ შედის". - დაამატა ჯონ კირბიმ.

რუსეთი რეგიონში ერთ-ერთი უახლესი იარაღის პოსეიდონი 2M39 ტიპის ბირთვული ტორპედოს ტესტირებას ატარებს, რომლის გადამწყვეტი ფაზაც, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ძალების თქმით, 2021 წლის თებერვალში დაიწყო. პოსეიდონის ტიპის ტორპედო არა უბრალოდ ატომური იარაღია, არამედ ბირთვულ ძრავაზეც მუშაობს. მისი ხშირი ტესტირება ბირთვული ქობინების გარეშეც არქტიკის წყლების რადიაციულ დაბინძურებას გამოიწვევს. 

ამ საკითხთან დაკავშირებით 2020 წელს კომენტარი გააკეთა აშშ-ს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხების იმდროინდელმა წარმომადგენელმა კრისტოფერ ა. ფორდმა.

"[პოსეიდონის ტორპედოები] აშშ-ს სანაპირო ქალაქების რადიოაქტიური ცუნამებით დატბორვისთვისაა შექმნილი" - თქვა ფორდმა 2020 წლის ნოემბერში. 

ასევე, არქტიკაში რუსეთი ატარებს ანტისაზღვაო ულტრაზებგერითი რაკეტა ცირკონის ტესტირებას.

კომენტარები