საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოს ენმ-ის დეპუტატის, გიორგი მღებრიშვილის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
შემთხვევა 2021 წლის 4 აპრილს რუსთავში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, მეზობლებს, მღებრიშვილსა და ნ.ტ-ს შორის კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უწყების ცნობით, ნ.ტ-მ გიორგი მღებრიშვილზე იძალადა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ფეხში დანით დაჭრა.
ნ.ტ-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) 126-ე (ძალადობა) და 151-ე (სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) მუხლების პირველი ნაწილებით წარედგინა.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე წერს, რომ დეპუტატი ქართული ოცნების აქტივისტმა დაჭრა.