თურქეთი

თურქეთში სტამბოლის საზღვაო არხის გაყვანის მოწინააღმდეგე ყოფილი სამხედროები დააკავეს

თურქეთში 100-ზე მეტმა ყოფილმა მაღალი რანგის ოფიცერმა ხელი მოაწერა საჯარო განცხადებას, რომელიც აკრიტიკებდა მთავრობის გადაწყვეტილებას სტამბოლის არხის შენების შესახებ. მათი აზრით, ამ არხის გახსნა დაარღვევდა მონტროს საზღვაო კონვენციას და ერდოღანს მისი დაცვისკენ მოუწოდებდნენ. 

თურქეთის მთავრობამ 10 ხელმომწერი დააკავა. მათ ისინი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საქმეების ჩარევაში დაადანაშაულეს და ასევე, დააკავშირეს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან. 

რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სტამბოლის არხის გაჭრა სურს. ეს მისი ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურულ-ეკონომიკური პროექტია. მისი შესრულება კითხვის ნიშნებს გააჩენს მონტროს კონვენციასთან დაკავშირებით, რომელიც შავ ზღვაში სამოქალაქო და სამხედრო გემების მოძრაობას არეგულირებს.

კონვენცია 1936 წელს გაფორმდა და ის თურქეთს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების კონტროლს აძლევს. კონვენცია უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას. ასევე, მის ფარგლებში, იმ ქვეყნების სამხედრო ხომალდებს, რომლებიც შავიზღვისპირეთის სახელმწიფოებს არ წარმოადგენენ, ეზღუდებათ შავი ზღვის წყლებში გაჩერების პერიოდი. 

კონვენცია მოიცავს მხოლოდ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს, ახალი არხის გაჭრა კი მისი დარღვევის საშუალებას იძლევა, თუკი მას არ გადახედავენ. 

ყოფილი სამხედროების თქმით, ეს პროექტი თურქეთის ინტერესების საწინააღმდეგო იქნება. 

გასულ კვირაში თურქეთის პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ მონტროს კონვენციის დატოვება არც კი განიხილება.

მონტროს კონვენციის გაუქმება შავიზღვისპირეთის გეოპოლიტიკის აბსოლუტურ შეცვლას გამოიწვევს.

კომენტარები