რუსეთის სასამართლომ Twitter $ 117 000-ით დააჯარიმა, რადგან "აკრძალული ინფორმაცია" არ წაშალა 

2 აპრილს რუსეთის სასამართლომ Twitter თითქმის $ 117 000-ით დააჯარიმა, რადგან ოფიციალური პირების თქმით, "აკრძალული შინაარსის შემცველი" ინფორმაცია არ წაშალა. 

საქმე ეხება იანვარში ამ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსს, რითაც რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, გაეპროტესტებინათ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავება.

რუსეთის მედიის მონიტორინგის სახელმწიფო სამსახურში, როსკომნადზორში თქვეს, რომ პოსტები "თინეიჯერებს აქეზებდა", მონაწილეობა მიეღოთ "არალეგალურ აქტივობებში" ან "არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებებში".

მსგავსი საქმეებია აღძრული Facebook-სა და YouTube-ის წინააღმდეგ.

მანამდე, 16 მარტს როსკომნადზორში დაიმუქრნენ, რომ Twitter-ს ერთ თვეში აკრძალავენ, თუ კომპანია "აკრძალულ ინფორმაციას არ წაშლის".

ამავე მიზეზის გამო, 10 მარტს რუსეთში განაცხადეს, რომ Twitter-ს სიჩქარეს შეუნელებენ.

The Moscow Times წერს, რომ გამოკითხვების თანახმად, რუსების 3% იყენებს Twitter-ს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს რუსეთმა სცადა, დაებლოკა პოპულარული პლატფორმა და აპლიკაცია Telegram-ი. Telegram-მა უარი თქვა უშიშროების სამსახურებისთვის შიფრირების გასაღებები გაეზიარებინა. შიფრირების გასაღებების ფლობით უშიშროების სამსახურები, სურვილის შემთხვევაში, შეძლებდნენ Telegarm-ის აპლიკაციის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინებების წაკითხვას. მედიის მონიტორინგის სამსახური როსკომნადზორი Telegram-ის დაბლოკვის ორწლიანი მცდელობების შემდეგ ამ კვირაში პლატფორმაზე დარეგისტრირდა.

2019 წელს რუსეთში გატარდა კანონი, რომელმაც გაამკაცრა სახელმწიფოს კონტროლი ინტერნეტტრაფიკზე. ამის მიზეზად მოსკოვმა აშშ-ს აგრესიული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია დაასახელა. სიტყვის თავისუფლების მომხრე აქტივისტებმა კანონი გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, ის საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, სურვილისამებრ შეზღუდოს წვდომა ინფორმაციაზე.

კომენტარები