ქართული ოცნება

ლელო: მოვითხოვთ, ოცნებამ ვოლსკის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაატოვებინოს

პოლიტიკური პარტია ლელო ქართული ოცნების ვიცესპიკერის, გია ვოლსკის მიერ აქტივისტების მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ ჟესტს ეხმაურება და ითხოვს, რომ მას მმართველმა პარტიამ თანამდებობა დაატოვებინოს.

ლელო თვლის, რომ, იმ შემთხვევაში, თუ გია ვოლსკი ვიცესპიკერის თანამდებობას არ დატოვებს, მის მოქმედებაზე პასუხისმგებლობის გაზიარება ქართულ ოცნებას და მათ დეპუტატებს მოუწევთ.

"პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის  დღევანდელი მოქმედება ახალგაზრდა აქტივისტებთან მიმართებაში სცდება ადამიანის ქცევის საზოგადოებაში მიღებულ სტანდარტს. 

ეს კიდევ უფრო მიუღებელია იმის გათვალისწინებით, რომ გია ვოლსკი არის მაღალი თანამდებობის პირი, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სახე.

ლელო კატეგორიულად გმობს ამ უღირს საქციელს. ვოლსკიმ დღეს შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ იქ მდგომ ახალგაზრდებს, არამედ მთელ საზოგადოებას და ასევე იმ ინსტიტუციას, რომელსაც ის წარმოადგენს - არჩევით ორგანოს - საქართველოს პარლამენტს.

კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა პარტიამ, მიიღონ სათანადო ზომები და დაატოვებინონ გია ვოლსკის ვიცესპიკერის თანამდებობა; სხვა შემთხვევაში მის მოქმედებაზე პასუხისმგებლობის გაიზიარება მოუწევს პარტია ქართულ ოცნებას და პარლამენტში წარმოდგენილ თითოეულ დეპუტატს", - წერია განცხადებაში.

დღეს, 2 აპრილს, გია ვოლსკიმ, ქართული ოცნების ოფისთან შეკრებილ აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტი აჩვენა. ამ ფაქტს გამოეხმაურნენ მისი თანაპარტიელებიც - მამუკა მდინარაძის თქმით, "როცა მონას გეძახიან, ძნელი მოსათმენია", ხოლო ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ "ადამიანებს დედას თუ შეაგინებ, შეიძლება ნერვებმა უმტყუნოს".

კომენტარები