ბელარუსი

ბელარუსში ქვეყნის ოპოზიციის ლიდერი ტერორიზმშია ეჭვმიტანილი

ბელარუსის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე გახსნა ბელარუსის ოპოზიციიის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას წინააღმდეგ.

ის ეჭვმიტანილია ტერორისტული აქტის მომზადებაში. 

გასულ კვირას ბელარუსის მაღალჩინოსნების თქმით, დააკავეს კაცი, რომელიც მათივე თქმით, მინსკში და ქალაქ ბორისოვში სამხედროებთან აფეთქებას გეგმავდა. 

გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი შვედმა თქვა, რომ ამ "ტერორისტული აქტების დაგეგმვაში" ტიხანოვსკაიაც იყო ჩართული, თუმცა დეტალებზე არ ულაპარაკია.

პროკურორების თქმით, ისინი ტიხანოვსკაიას ექსტრადიციას მოითხოვენ. 

ამჟამინდელი ინფორმაციით, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

6 მარტს ლიტვამ ბელარუსს ტიხანოვსკაიას ექსტრადიციაზე უარი უკვე განუცხადა.

ბელარუსის გენერალური პროკურატურის სამსახურმა 5 მარტს გამოსცა განცხადება, რომ ტიხანოვსკაიაზე ძებნაა გამოცხადებული "იმ დანაშაულების გამო, რომლებიც ჩაიდინა საზოგადოებრივი წესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ".


9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და კვლავ ლიტვაში იმყოფება. გასულ წელს ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

კომენტარები