ბელარუსი

ბელარუსში პოლიციამ 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა

BelaPan / AP / Scanpix / LETA

ბელარუსის ოპოზიციამ 27 მარტი საპროტესტო აქციების ახალი ტალღის დაწყების დღედ გამოაცხადა, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციის ჩატარება ვერ მოხერხდა.

შაბათ დილას მინსკში მობილიზებული იყო სპეცტექნიკა, პოლიციის მანქანები და წყლის ჭავლის მანქანები. ქუჩებს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები პატრულირებდნენ.

დღისით სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და შემთხვევითი გამვლელების დაკავება დაიწყეს. უფლებადამცველი ცენტრის ვესნას თანახმად, 28 მარტის მონაცემებით, დაკავებულია 245 ადამიანი.

თვითმხილველების თანახმად, მინსკში აკავებდნენ არამხოლოდ დემონსტრანტებს, არამედ უბრალო ადამიანებს, რომლებიც გაჩერებებზე იდგნენ. დააკავეს გამოცემა Tut.by-ის რედაქტორები - ანა კალტიგინა და გალინა ულასიკი, ასევე Nasha Niva-ს მთავარი რედაქტორი ეგორ მარტინოვიჩი და გამოცემის ფოტოგრაფი ნადეჟდა ბუჟანი

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება მიმდინარეობს წესრიგის უხეში დარღვევისთვის და 27 მარტს "არასანქცირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მოწოდებებისთვის". კომიტეტის თანახმად, "პირები რომლებიც ეხმაურებიან მოწოდებებს და მონაწილეობას მიიღებენ მასობრივ ღონისძიებებში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან".

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 27 მარტს არც ერთი მასობრივი საპროტესტო აქცია არ ჩატარებულა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, "საპროტესტო აქტივობა ნულთანაა დაახლოებული" და ქვეყნის ქვეყნის არც ერთ რეგიონში არასანქცირებული მასობრივი ღონისძიება არ ჩატარებულა. პოლიცია აღიარებს, რომ მინსკში შეინიშნებოდა დემონსტრანტების მცირერიცხოვანი ჯგუფები.  

ოპოზიციურ ტელეგრამ-არხებში აღიარებენ, რომ "შეკრება არ გამოვიდა". ოპოზიციურ ტელეგრამ არხებში დემონსტრანტებს მინსკში "დეცენტრალიზებული აქციების" და "ლოკალური მარშების" ჩატარებისკენ მოუწოდებენ.


ბელარუსში საპროტესტო ტალღა 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

მთავარმა ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. თუმცა მალევე ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიტვაში ჩავიდა. გასულ წელს ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

კომენტარები