Le Monde

Le Monde: ევროპულმა მედიაციამ საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა ვერ მოახერხა

ფრანგულ გამოცემა Le Monde-ში საქართველოში არსებული კრიზისის შესახებ სტატია გამოქვეყნდა, სახელწოდებით – „ევროპულმა მედიაციამ საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა ვერ მოახერხა“. 

Სტატიაში ავტორი მიმოიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე და ხაზს უსვამს, რომ 21 მარტს ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა, ნატა საბანაძემ თანამდებობა დატოვა. 

ნატალია საბანაძე 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარადგენდა საქართველოს ბრიუსელში. 21 მარტს მან პოზიციის დატოვების თაობაზე საკუთარი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა:

"ეს წარმატებებით აღსავსე მისია იყო, თუმცა იყო დამარცხებებიც და ზოგჯერ – მორალური დილემებიც. სხვა საქმით დაკავების დრო მოვიდა". 

საბანაძეს განცხადებაში მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა დეტალები მან ფრანგულ გამოცემა Le Monde-ს გაუმხილა, რომელთან საუბარშიც აღნიშნა, რომ "საქართველოს მთავრობასთან უთანხმოებები ჰქონდა".

"ჩვენი ლიდერები ამბობენ, რომ პროევროპულები არიან, მაგრამ თქმა საკმარისი არ არის, პროევროპული უნდა იყო". – ამბობს ყოფილი ელჩი. დიპლომატი მეტი დეტალის გამჟღავნებაზე უარს აცხადებს, რათა, მისივე განმარტებით, "სიტუაცია არ  დამძიმდეს". 

გამოცემა პოლიტიკური კრიზისის დასაწყისსა და მიზეზებზე დეტალურად საუბრობს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა ჩიხში 2020 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდა და სიტუაცია 2021 წლის 23 თებერვალს, ნიკა მელიას დაპატიმრებით დამძიმდა. 

ხაზია გასმული ევროპული საბჭოს წარუმატებელ მცდელობაზე, მოლაპარაკების გზით მხარეების პოზიციები დაეახლოებინა, თუმცა აღნიშნულია, რომ კრისტიან დანიელსონი თბილისს კიდევ ერთხელ ეწვევა. 

 

კომენტარები