შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე თანამდებობიდან გადადგა

შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. 

"მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი.

ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. სისტემაში მუშაობენ გმირები, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მინდა წარმატება ვუსურვო მათ სამშობლოს სამსახურში". – წერს საბანაძე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ თანამდებობა TV პირველისა და მთავარის ეთერებში გასული ჩანაწერების გამო დატოვა. ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, კახა საბანაძე 20 ივნისის ღამით სამართალდამცველებს მოუწოდებდა, დაეზიანებინათ ხმის გადამცემი, რათა ოპოზიციურ ლიდერებს მომიტინგეებამდე ხმა ვერ მიეწვდინათ.

კახა საბანაძის გადადგომას წინ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ნათქვამი უძღვოდა, რომ ის პოლიტიკაში ბრუნდება. საბანაძე სწორედ გახარიას კადრად განიხილება.

საბანაძე ამ თანამდებობას 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა. 

კომენტარები