პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე: ვის ამადლიან მოლაპარაკებებზე დაჯდომას, რომელიც მათ სჭირდებთ ყველაზე მეტად

ყველა კომენტარი რომ ამოიღოთ, რაც ოპოზიციამ გააკეთა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ერთ პასუხს ვერ ნახავთ, სადაც ჩანს, ოპოზიცია რეალურად რა წინადადებებით და რა კომპრომისებით მოვიდა. ერთადერთი იყო ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ჩვენი კომპრომისი ის იყო, რომ მოლაპარაკებებში დავსხედით მაგიდასთანო. აი, წარმოიდგინეთ, როდესაც ამ დონეზე რეალობას მოწყვეტილია პარტია. ვის ამადლიან მოლაპარაკებებზე დაჯდომას, რომელიც მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად, ჩემთვის გაუგებარია და საზოგადოებამ შეაფასოს, ეს კომპრომისი არის თუ არა, როდესაც მოლაპარაკებებზე მიხვედი. ჯერ როგორ შეიძლება ამას კომპრომისი დაარქვა, ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა ამ ქვეყანაში, რომ სტაბილურობას და კრიზისის გადაჭრას შეუწყოს ხელი და ამას კომპრომისულად თუ მიიჩნევს ვინმე, მაშინ წარმოიდგინეთ, ქართული ოცნება რამდენად კომპრომისული ყოფილა, როდესაც უკვე 2 წელია, მოლაპარაკებებს აწარმოებს ოპოზიციასთან სხვადასხვა საკითხზე.

ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა და პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. გუშინ, 18 მარტს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ. 9-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ "ოცნების" წარმომადგენლებს მათ მთავარ მოთხოვნებზე -  პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე "სრულიად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ" და ამ თემებზე "გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება" აკრძალული აქვთ.  მათივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტი რამდენჯერმე "გაფუჭდა", რადგან ქართული ოცნების "პრეტენზიები ამოუწურავი იყო". 

დღეს, 19 მარტს, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ანგარიშის ჩასაბარებლად ბრიუსელში გაემგზავრა.

კომენტარები