ბათუმის საკრებულოს წევრის სიძის კომპანიამ 1.2 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო

ბათუმის საკრებულოს წევრის და კულტურის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის ყოფილმა კომპანიამ 2013-2021 წლებში 1 203 485 ლარის ტენდერები მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს

საუბარია, პატარიძის და მისი სიძის კუთვნილ კომპანიებზე შპს "თრეიდინგ სერვისზე". პატარიძემ კომპანიაში თავისი 50%-იანი წილი სიძეს, გოჩა აბუსელიძეს 2019 წლის 8 იანვარს მას შემდეგ აჩუქა, რაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ თავის კვლევაში აღნიშნა, რომ პატარაძისი კომპანიის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი დეკლარაციაში არ მიუთითა. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გაარკვია, რომ ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირის ყოფილმა კომპანიამ 2019-2020 წლებში ელექტრონულ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში 228,388 ლარზე მეტი ღირებულებების ხელშეკრულებები მიიღო, საიდანაც 143,426 ლარი ბათუმის მუნიციპალური ბაღების გაერთიანებაზე მოდის, ეს გაერთიანება კი, დებულების თანახმად, სწორედ ირაკლი პატარიძის კომისიის ზედამხედველობის ქვეშ მუშაობს",- წერია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში. 

პატარიძის და მისი სიძის კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ბათუმის სხვა მუნიციპალურ ა(ა)იპებთანაც: ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან, სოციალური სერვისების სააგენტოსთან, საჭადრაკო კლუბ „ნონასთან”, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურთან. ჯამში, ბათუმის ა(ა)იპების ხელშეკრულებებიდან კომპანიამ 2019-2020 წლებში შემოსავლის 80%-მდე მიიღო.

ჯამში 2013-2021 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 1,203,485 ლარი მიიღეს. 2014-2017 წლებში ირაკლი პატარიძე ბათუმის მერის წარმომადგენელი იყო ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2017 წლიდან კი საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარეა.

 

კომენტარები