MORGAN STANLEY პირველი მსხვილი ბანკია, რომელიც ბიტკოინთან წვდომის საშუალებას იძლევა

Morgan Stanley-ს სათაო ოფისი.  ნიუ-იორკი, ბროდვეი. 
ფოტო: architypereview.com

Morgan Stanley გახდა ამერიკის ერთ-ერთი პირველი უმსხვილესი ბანკი, რომელიც თავის მომხმარებლებს ახალი ტიპის კრიპტოაქტივებთან წვდომის საშუალებას აძლევს. 

CNBC-ის ინფორმაციით, ბანკის უმდიდრეს მომხმარებლებს შეეძლებათ ბიტკოინის [BTC] შეძენა და შენახვა. 

საწყის ეტაპზე, ინვესტიციის გახორციელება მხოლოდ იმ პირებისთვისაა შესაძლებელი, რომელთა საბანკო ანგარიში მინიმუმ 2 მილიონ დოლარს შეადგენს და მაღალი რისკის ტოლერანტობით გამოირჩევიან. 

Morgan Stanley საერთაშორისო საინვესტიციო ბანკია, რომელიც 1935 წელს დაარსდა და ის 4 ტრილიონ დოლარს აკონტროლებს. 

ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში კრიპტოვალუტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ის ამჟამად 59 000 დოლარს შეადგენს. 

ექსპერტების ვარაუდით, კრიპტოვალუტის ახალ აქტივების კლასად მიღებაზე მუშაობენ სხვა უმსხვილესი საინვესტიციო ბანკებიც, კერძოდ, Goldman Sachs, JPMorgan Chase, Bank of America და BNY Mellon. 


JPMorgan Chase & Co.-მ თავის უმდიდრეს ინვესტორებსა და მომხმარებლებს გაუგზავნა საიდუმლო საინფორმაციო ანგარიში, რომელშიც ახსნილია, თუ რა არის კრიპტოვალუტა, რამდენად მომგებიანი იქნება მასში ინვესტირება და რა პოტენციურ ფასებს ვარაუდობს ბანკი. 

JPMorgan-ის ვარაუდით, ბიტკოინის ფასმა, შესაძლოა, 540 000 დოლარს გადააჭარბოს. 

კომენტარები