ცენზურა ჩინეთში

ჩინეთის მთავრობამ დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაცია SIGNAL-ი დაბლოკა

ფოტო: Roy Liu, Bloomberg, Getty Images

ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიერ აკრძალული კომპანიებისა და აპლიკაციების სიას დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაცია Signal-ი შეუერთდა, მისი გამოყენება VPN-ის გარეშე შეუძლებელი გახდა. 

Signal-მა პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით მას შემდეგ მოიპოვა, რაც WhatsApp-ის ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკა დაანონსდა, რისი მიხედვითაც WhatsApp-ი მომხმარებლის პირად ინფორმაციას Facebook-სა და Instagram-ს გაუზიარებდა. 

კონკურენტი აპლიკაციებისაგან განსხვავებით, Signal-ი არ მოითხოვს მსგავს ინფორმაციას და ის დაშიფრულ სისტემაზე [end-to-end] მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაჰაკვა შედარებით რთულია. 

ანალიტიკოსთა ვარაუდით, ჩინეთის მთავრობას Signal-ით გაგზავნილ შეტყობინებებთან წვდომა არ ჰქონდა, რის გამოც კომუნისტურმა მთავრობამ ის პოტენციურ საფრთხედ მიიჩნია და ისევე აკრძალა, როგორც სხვა აპლიკაციები. 

ჩინეთში ყველაზე პოპულარული სოციალური პლატფორმაა WeChat, რომელსაც მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ექსპერტების თქმით, ჩინეთის მთავრობა აქტიურად აკონტროლებს WeChat-ის მომხმარებლების პირად ინფორმაციას, ლოკაციასა და შეტყობინებების შინაარსს. 


შეგახსენებთ, რომ ჩინეთში დაბლოკილია უცხოური სოციალური ქსელების, ახალი ამბების ვებგვერდების დიდი ნაწილი. ჩინეთში უცხოელებს და ჩინელთა მცირე ნაწილს აკრძალულ ვებ-გვერდებზე შესვლა VPN-ის საშუალებით შეუძლიათ, თუმცა ჩინეთის კომუნისტური პარტია პერიოდულად სხვადახვა VPN-საც ბლოკავს, ზოგ შემთხვევაში კი მის მომხმარებელს სჯის.

8 თებერვალს ჩინეთის მთავრობამ დაბლოკა აპლიკაცია Clubhouse, სადაც რამდენიმე დღე ჩინელები პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობდნენ.

კომენტარები