Xiaomi

სასამართლომ ტრამპის მიერ Xiaomi-ს წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები შეაჩერა

დონალდ ტრამპი და Xiaomi
ფოტო: somagnews.com

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ჩინური კომპანია Xiaomi-ს წინააღმდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვები დროებით შეაჩერა. 

მოსამართლე როდოლფ კონტრერასის გადაწყვეტილებით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ამერიკელებს Xiaomi-ს აქციებით ვაჭრობასა და კომპანიაში ინვესტირებას უკრძალავს, უკანონოა. 

მისი თქმით, კომპანიის წინააღმდეგ აუცილებელი სამხილები არ მოიძებნება და ვერ მტკიცდება ის ფაქტი, რომ Xiaomi-ს ჩინეთის შეიარაღებულ ძალებთან და კომუნისტურ მთავრობასთან აქვს კავშირები. 

2021 წლის იანვარში ტრამპის ადმინისტრაციამ Xiaomi კომუნისტური ჩინეთის სამხედრო კომპანიად [CCMC] ცნო და აღმასრულებელი ბრძანებით ამერიკულ საფონდო ბირჟებზე Xiaomi-ს აქციებით ვაჭრობა აკრძალა. 

კომპანიის წარმომადგენლებმა ბრალდებები უარყვეს, მათი თქმით, ჩინეთის მთავრობა კომპანიას არც ფლობს და არც აკონტროლებს.

მოსამართლე კონტრერასის თქმით, ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებით კომპანიის რეპუტაცია და ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაზარალდა. 

სასამართლო გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში კომპანიის აქციების ფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა.  


2021 წლის თებერვალში Xiaomi-მ აშშ-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.  

Xiaomi-ის იურისტები ბრალდებებს უარყოფედნენ და ამბობდნენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციის მეხუთე შესწორებას ეწინააღმდეგებოდა, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია ქონების ხელყოფა, სათანადო სამართლებრივი პროცედურის წარმოების გარეშე.

კომენტარები