ტექნოლოგიური ომი

Xiaomi-ს აშშ-ის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

დონალდ ტრამპი და Xiaomi
ფოტო: somagnews.com

ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს, Xiaomi-ს, აშშ-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

სარჩელი აშშ-ს სახაზინო და თავდაცვის დეპარტამენტების წინააღმდეგაა მიმართული.

Xiaomi-ს გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს გადაწყვეტილება, კომპანიის ე.წ. შავ სიაში შეყვანის შესახებ, უკანონოა.

2021 წლის 14 იანვარს აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სპეციალური ბრძანებით Xiaomi იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომლებსაც აშშ ადანაშაულებს ჩინეთის მთავრობის სადაზვერვო საქმიანობასა და შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობაში.

ვაშინგტონის შავ სიაში მოხვედრით, ამერიკელ ინვესტორებსა და საფონდო ბირჟებს Xiaomi-ს აქციებით ვაჭრობა აეკრძალათ. შედეგად, Xiaomi-ს აქციების ფასი 24 საათში 10%-ით დაეცა.  

Xiaomi-ის იურისტები ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციის მეხუთე შესწორებას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია ქონების ხელყოფა, სათანადო სამართლებრივი პროცედურის წარმოების გარეშე.

Xiaomi-ის წარმომადგენლები უარყოფენ აშშ-ს ბრალდებებს, მათი თქმით, კომპანია არავითარ კავშირში არ არის ჩინეთის კომუნისტურ მთავრობასთან და არც ჩინეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან. 
 

კომენტარები