ჩანაწერები

ვოლსკი TV პირველზე: ეს აჟიოტაჟი პოლიტიკურად ანგაჟირებულია, ოდნავ სასაცილოც

ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის შეფასებით, როდესაც საქმე მასალების მოპოვებას ეხება, სასამართლო არ ითვალისწინებს კონკრეტულ დაწესებულებას, ან პოლიტიკურ მიზანშეწონილებას. ვოლსკის აზრით, TVპირველის  გარშემო მიმდინარე მოვლენები პოლიტიკურად ანგაჟირებულია და სასაცილოც კია მისთვის.

"როდესაც გამოძიებასთან არ თანამშრომლობს ტელევიზია, რა საკვირველია, მით უმეტეს თუ თანამშრომლობს, ყოველგვარი შეჭრა და ეს აჟიოტაჟი, რაც ატეხეთ არის საკმაოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული და ვიტყოდი, ოდნავ სასაცილო.

მედიის თავისუფლებას არაფერი ემუქრება და ნებისმიერი განცხადება, მით უმეტეს, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, ტრაორის სახით გამოსული ჟურნალისტების, არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არსებობს". – ამბობს გია ვოლსკი.

სასამართლომ გამოძიებას უფლება მისცა TV პირველიდან მასალების ამოღებისას წინააღმდეგობის შემთხვევაში ძალა გამოიყენოს. ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

 

კომენტარები