COVID-19-ის ვაქცინა

ევროკომისიამ Jonson&Jonson-ის ვაქცინა ევროკავშირში გამოყენებისთვის დაამტკიცა

ევროკომისიამ Covid-19-ის საწინააღდეგო Jonson&Jonson-ის ვაქცინა ევროკავშირის ტერიტოტრიაზე გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულო ფონ დერ ლეინმა Twitter-ზე დაწერა.

ევროკომისიის გადაწყვეტილება ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA)-ს ანგარიშს მოჰყვა. სააგანტომ Jonson&Jonson-ის ვაქცინა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს ეფექტიანობის, უსაფრთხოებისა და ხარისხის კრიტერიუმებს.

Jonson&Jonson-ის ვაქცინა მეოთხეა, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოყენებისთვის დაამტკიცეს. ამ დროისთვის ბლოკმა Pfizer-BioNTech-ის, AstraZeneca-ს და Moderna-ს ვაქცინები დაამტკიცა.

Jonson&Jonson-ით იმუნიზაციისთვის ვაქცინის ერთი დოზაც საკმარისია. ამ სახის ვაქცინებიდან ის პირველია, რომელიც ევროკავშირში დაამტკიცეს.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ვირუსოლოგის პოლი როის თანახმად, Jonson&Jonson-ის ვაქცინის უპირატესობა სწორედ ის არის, რომ აცრისთვის ერთი დოზაც საკმარისია. გარდა ამისა ამ ვაქცინის შესანახად ძალიან დაბალი ტემპერატურა საჭირო არ არის, რაც მის ტრანსპორტირებასა და შენახვას აადვილებს.

ევროკავშირმა უკვე დაჯავშნა ვაქცინის 400 მილიონი დოზა.


თებერვლის ბოლოს Jonson&Jonson-ის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცეს აშშ-ში.

კვლევის თანახმად, ვაქცინა 85%-ით ეფექტიანია დაავადების რთული ფორმების პრევენციაში, მთლიანობაში კი, დაავადების საშუალო სირთულის ფორმების გათვალისწინებით, 66%-ით ეფექტიანია.

FDA-მ ვაქცინა დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფის დადებითი შეფასებების შემდეგ დაამტკიცა. აშშ-ში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული ცდების შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინა 85%-ით ეფექტიანია დაავადების რთული ფორმების პრევენციაში, მთლიანობაში კი, დაავადების საშუალო სირთულის ფორმების გათვალისწინებით, 66%-ით ეფექტიანია. აღსანიშნავია, რომ მათ შორის, ვინც კვლევის ფარგლებში ვაქცინა მიიღო, კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა და ვაქცინის მიღებიდან 28 დღის განმავლობაში არავის დასჭირვებია ჰოსპიტალიზაცია.

მთლიანობაში ვაქცინა ნაკლებეფექტიანია სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში, სადაც კორონავირუსის ახალი შტამებია გავრცელებული, თუმცა Jonson & Jonson-ის ვაქცინის ეფექტიანობა დაავადების რთული ფორმების წინააღმდეგ ამ ქვეყნებშიც მაღალია.

სამხრეთ აფრიკაში, კვლევის ფარგლებში, Jonson & Jonson-ის ვაქცინა ოფიციალურად დამტკიცებამდე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ასაცრელად თებერვალში გამოიყენეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ასტრაზენეკას ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის წინააღდეგ "მინიმალურ დაცვას" უზრუნველყოფდა. 

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც Jonson & Jonson-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა, ბაჰრეინია.

იქიდან გამომდინარე, რომ Jonson & Jonson-ის ვაქცინით აცრა ერთი დოზით ხდება, ვაქცინაციისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ნაკლები ვიზიტი და ნაკლები სამედიცინო პერსონალი იქნება საჭირო.

როგორ მუშაობენ Covid-19-ის Jonson & Jonson-ისა და სხვა ვაქცინები, ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში:

კომენტარები