აშშ-უკრაინა

ბლინკენი: ვაპირებთ გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა უშიშროების და ეკონომიკის საკითხებში

ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის წინაშე აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას უკრაინის საკითხსაც შეეხო. ბლინკენმა უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა.

"მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობას, მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში. მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას და ვაპირებთ, გავაძლიეროთ ეს მხარდაჭერა, უშიშროების თუ ეკონომიკის საკითხებსა და დემოკრატიის გაძლიერების ძალისხმევაში, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს." - თქვა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ს სახელმწიფიო მდივანმა აღნიშნა, რომ გარდა გარე გამოწვევებთან, რუსეთის აგრესიასთან გამკლავებისა, უკრაინას ამავდროულად უწევს, გაუმკლავდეს ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებს - კორუფციას.

საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე საუბრისას ენტონი ბლინკენი Nord Stream 2-ის გაზსადენის საკითხსაც შეეხო. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ეს გაზსადენი ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის პრინციპებს არღვევს და უკრაინასა და პოლონეთის სტრატეგიულ და ეკონომიკურ პოზიციებს უქმნის საფრთხეს.

კომენტარები