ჩანაწერები

გრიგოლია: ძალით შემოიჭრებით? იმიტომ, რომ არ შემოგიშვებთ! ომი გინდათ?

TV პირველი

TV პირველის წამყვანი, ინგა გრიგოლია Facebook-ზე წერს, რომ ტელევიზიაში პროკურატურას არ შეუშვებენ. ასე ჟურნალისტი საქალაქო სასამართლოს განჩინებას გამოეხმაურა, რომელმაც გენერალურ პროკურატურას დართო ნება, TV პირველის მასალების ამოღების უფლება მისცა.

"ანუ, ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ, რომ არ შემოგიშვებთ! ომი გინდათ? და მარტო იმიტო გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის რუსთავი 2? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა ყველამ ვიცით. აბა, გაბედეთ!" – წერს ინგა გრიგოლია. 

ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები