ოლიმპიადა

Kyodo: უცხოელი გულშემატკივრები ტოკიოს ოლიმპიადაზე დასწრებას ვერ შეძლებენ

Reuters

იაპონიის მთავრობა გადაწყვეტილებით 2021 წლის ზაფხულში ტოკიოს ოლიმპიადას და პარაოლიმპიადას უცხოელი გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იაპონური გამოცემა Kyodo ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ხელისუფლება ქვეყანაში ეპიდმდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობასა და კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები შტამების შემოტანას ერიდება.

თვის ბოლომდე იაპონური მხარე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შეხვდება, რომელზეც უცხოელ გულშემატკივრებთან დაკავშირებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ოლიმპიადის ორგანიზატორები გეგმავენ, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის დაწყების ცერემონია, რომელიც 25 მარტსაა დაგეგმილი, მაყურებლების გარეშე ჩაატარონ. რაც შეეხება უშუალოდ ოლიმპიურ თამაშებს, შეჯიბრებები შეიძლება ჩატარდეს როგორც მაყურებლების გარეშე, ასევე იაპონიაში მცხოვრები შეზღუდული მაყურებლების თანდასწრებით.

"ძალიან გვინდა, რომ ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სავსე სტადიონებზე მოვიდეს, მაგრამ თუ მათ მისაღებად მზად არ ვიქნებით და იაპონიაში სამედიცინო მდგომარეობა იდეალური არ იქნება, ეს უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებსაც დიდ პრობლემებს შეუქმნის". – თქვა სეიკო ჰაშიმოტომ, იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გასულ კვირას.

ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო თამაშები ერთი წლით გადაიდო. ოლიმპიური თამაშები 2021 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტომდე გაგრძელდება, ხოლო პარაოლიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ჩატარდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონიაში უკვე მოქმედებს უცხოელებისთვის ვიზების გაცემაზე შეზღუდვა. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ იაპონიის მოქალაქეებსა და იმ უცხოელებს შეუძლიათ, რომელსაც მრავალწლიანი ვიზა ან ქვეყანაში ცხოვრების უფლება აქვთ.

კომენტარები