საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მეუფე სტეფანე ამბობს, რომ პატრიარქის ბრალეულობის დასტურად მღვდლები "ვიდეოებს ატრიალებენ"

ჭყონდიდის ახლადდადგენილი მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ამბობს, რომ არაერთი სასულიერო პირი პატრიარქის ბრალეულობის შესახებ "ვიდეოებს ატრიალებს".

მიტროპოლიტმა ქადაგებისას მის წინამორბედს, მეუფე პეტრე ცაავას ცილისმწამებელი უწოდა. მიტროპოლიტი პეტრე წმიდა სინოდმა მას მერე დასაჯა, რაც კათოლიკოს-პატრიარქ ილიას "პედარასტიისმამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა.

სწორედ ამ ბრალდების კონტექსტში ახსენა მიტროპოლიტმა სტეფანემ "უაზრო ვიდეოები".

"ახლა მე ეპარქიაში უკვე რამდენი შემხვდა და მეუბნებიან, აი ვიდეოზე გაჩვენებ რაღაცებს და ამის მერე შენ იტყვი თუ არა ამას ხმამაღლა. ვამბობ ახლა ხმამაღლა, შენ რომ ვიდეოზე რაღაცებს გადაღებულს მომიტან, მე არ ვიცი, ის რა არის და ეს შეიძლება ფალსიფიკაცია იყოს. ვინც შეამოწმა, რა არის და ამდენი სასულიერო პირი ვიდეოებს ატრიალებს და ბრალს უყენებს თავის პატრიარქს, მაშინ, როდესაც საკითხი განსახილველადაც არ არის შეტანილი. ეს არის ცილისწამება, ამ ცილისწამებაზე შესაბამისად ისჯება ყველა, ვინც დასწამებს ნებისმიერ ადამიანს. თქვენი თავი წარმოიდგინეთ, ვინც გინდა იყოთ, თქვენზე რომ იძახონ, რომ ასეთია, ასეთია, ასეთია და არავითარი ბრალდება არ იყოს წაყენებული შესაბამისი და არანაირი განხილვა არ მოხდეს. განხილვა იმიტომ კი არა, ესეიგი არ მოხდა განხილვა, მე რამდენჯერ დავაყენეო და არაფერი არ დაუყენებია. რომ დააყენო, წერილობით ასე წერია რჯულის კანონში, რომელსაც ესენი და ის მე-6 კანონი ზუსტად, რომელსაც ცალმხრივ იყენებენ და ატყუებენ ხალხს თითქოს ეს ბრალდება გააჟღერა მან კანონიერად". – ამბობს მიტროპოლიტი.

მიტროპოლიტმა სტეფანემ დღეს ორი დიაკვანი დასაჯა, რადგან მისი თქმით, ისინი უარს აცხადებდნენ მასთან თანამსახურებაზე. მას მერე, რაც მიტროპოლიტმა პეტრემ ეპარქია დატოვა, კათედრაზე მღვდელმთავრად მეუფე გრიგოლ კაცია დადგინდა, თუმცა, ამ უკანასკნელმა ეპარქია დატოვა და თქვა, რომ მრევლმა ვერ მიიღო. მიტროპოლიტი გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე სტეფანემ ჩაანაცვლა და წესრიგი მოითხოვა.

"ეკლესიაში წესრიგი თუ არ დამყარდა რეალური და მბრალდებლებად ცილისწამლებლები არ დადგნენ და ესეიგი პატრიარქს, რომელსაც უამრავი საქმე აქვს გაკეთებული თავისი ერისთვის და თავისი ხალხისთვის, აი ასე ცილიმსწამებლური განცხადებებით და რაღაც უაზრო ვიდეოებით და ვიღაცისგან მოწოდებული ცრუ ინფორმაციებით, აი ასე ხელაღებით და ჭორაობით და ცილისწამებით ამ ადამიანზე ასეთი ცუდი სიტყვებით ლაპარაკით, უამრავი ადამიანი დაბრკოლდა და ეს დაბრკოლებული ადამიანები მაგათ კისერზეა". – თქვა მიტროპოლიტმა.

საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერს ტაბულამ მიმართა კითხვით, ხომ არ სმენია რაიმე ვიდეოებზე, რომლებზეც მეუფე სტეფანემ ისაუბრა.

"სალამი. დაზუსტებით ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, იქნება ის, რაც საჯაროდ იყო გაცხადებული მეუფე პეტრეს მიერ და რაღაც მსგავსივე ზღაპრული დაუსაბუთებელი ონლაინ ჩართვები". – უთხრა ტაბულას დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ტაბულა ცდილობს ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანესთან დაკავშირებას.
 

კომენტარები