ვაქცინაცია

გაბუნია: წინასწარი ინფორმაციით, ფაიზერს და ასტრაზენეკას მოგვაწოდებენ 22 მარტის კვირაში

"წინასწარი ინფორმაციით, ფაიზერის ვაქცინას მოგვაწოდებენ 22 მარტის კვირაში". - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, დღეს, 5 მარტს, ფაიზერის სათავო ოფისსა და კოვაქსის წარმომადგენელს ტელეფონით ესაუბრნენ. გაბუნიას მტკიცებით, "ყველა ფორმალობა ამ ეტაპზე დასრულებულია" და "დღევანდელი ინფორმაციით, როგორც ფაიზერმა გვაცნობა", ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 22 მარტს შემოვა.

"ამდენად, მარტის ბოლომდე, ვაქცინაციის პროგრამა ფაიზერის მიმართულებით დაიწყება. ასევე გვაქვს სიახლეები ასტრაზენეკას ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით. იუნისეფმა უკვე მიიღო დასტური ასტრაზენეკასგან პირველი დოზების მოწოდებაზე, ანუ ის ნაწილი ალოკაციის, რაც ჩვენთვის არის განსკუთვნილი, 129 600 დოზა, რაც მაისის ბოლომდე უნდა მივიღოთ, პირველი ნაწილი ჩამოვა მარტის ბოლომდე, ესეც მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მივა იუნისეფში და იქიდან გამოიგზავნება საქართველოში ამსტერდამის განაწილების ცენტრიდან. ასე რომ, მოლოდინი გვაქვს - მარტის ბოლოს ვაქცინაცია უნდა დაიწყოს" - თქვა გაბუნიამ და აღნიშნა, რომ პირველი მოწოდება მხოლოდ სამედიცინო პერსონალის საჭიროებას დაფარავს.

"თუმცა, მალევე ველოდებით დამატებით დოზებს, აპრილში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ გადავიდეთ შემდეგ ჯგუფზეც, რა თქმა უნდა, ის ეტაპრიობა, რაც გეგმაში გვაქვს განსაზღვრული, მაქსიმალურად შენარჩუნდება" - ამბობს მინისტრის მოადგილე.

საქართველოში ვაქცინაცია თებერვალში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დრომდე, ქვეყანაში ვაქცინის არც ერთი დოზა არ შემოსულა.

კომენტარები