აშშ-ჩინეთი

ბლინკენი: აშშ-ს ურთიერთობა ჩინეთთან საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტესტია

ენტონი ბლინკენი
CNN

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს ურთიერთობა ჩინეთთან საუკუნის "უდიდესი გეოპოლიტიკური ტესტია" მსოფლიოში. 

მან განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანა აშშ-სთვის სერიოზული გამოწვევაა, მათ შორისაა რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, და ასევე, არის ისეთი სერიოზული კრიზისები, როგორიცაა იემენის, ეთიოპიის და ბირმის კრიზისი, რომელსაც აშშ უნდა გაუმკლავდეს, თუმცა, მისივე თქმით, ჩინეთის გამოწვევა განსხვავებულია. 

"ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო ძალით, რომელიც სერიოზული გამოწვევაა სტაბილური და ღია საერთაშორისო სისტემისთვის - ყველა წესისთვის, ღირებულებისა და ურთიერთობისთვის, რითაც მსოფლიო ისეა მოწყობილი, როგორც გვინდა" - თქვა მან.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ურთიერთობები ჩინეთთან იქნება კონკურენტუნარიანი, როცა ასე უნდა იყოს, კოლაბორაციული - როცა ამის შესაძლებლობა იქნება და საჭიროების შემთხვევაში, დაპირისპირებულიც. 

ბლინკენის თქმით, მათი ჩინეთთან ურთიერთობა ძლიერი პოზიციიდან უნდა ამოდიოდეს, რაც მოითხოვს აშშ-ს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მუშაობას. 

"რადგან ჩვენი საერთო წონის უგულებელყობა ჩინეთისთვის უფრო რთულია"  - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. 

მან ასევე ხაზი გაუსვა დიპლომატიურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართულობას, რადგან "ადგილი, საიდანაც [აშშ] უკან გაიწია, ჩინეთმა შეავსო". 

ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ეს ასევე მოითხოვს დასავლური ღირებულებების დაცვას, როდესაც ადამიანის უფლებებს არღვევენ ჩინეთში ან როდესაც ჰონგ-კონგის დემოკრატიას ეხება საქმე - რადგან, მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩინეთი უფრო მეტად და დაუსჯელად იმოქმედებს. 

ბლინკენმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის "ამერიკის სიძლიერის განახლების" სტრატეგიას საერთაშორისო ასპარეზზე.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ მისი კარიერის განმავლობაში ახლა ყველაზე მეტად საშინაო და საგარეო პოლიტიკაში განსხვავებები აღარ არის. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ს შიდა განახლება და მისი სიძლიერე მსოფლიოში ერთმანეთსაა გადაჯაჭვული. 

"ჩვენი დემოკრატიის მხარდაჭერა საგარეო პოლიტიკისთვის უმნიშვნელოვანესია, სხვა შემთხვევაში, ჩვენ ისეთი მოწინააღმდეგეების და კონკურენტების ხელში ვთამაშობთ, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც ყველა შესაძლებლობას იყენებენ, რათა ეჭვქვეშ დააყენონ ჩვენი დემოკრატია. ჩვენ მათ საქმე არ უნდა გავუმარტივოთ" - დასძინა ბლინკენმა. 


აღსანიშნავია, რომ იანვარში სენატის საგარეო კომიტეტის წინაშე მოსმენაზე ბლინკენმა ასევე თქვა, რომ ჩინეთი აშშ-ს ინტერესებისათვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მაშინაც, მან ხაზი გაუსვა სინძიანში ადამიანის უფლებების დარღვევას და დემოკრატიული პროტესტის ჩახშობას ჰონგ-კონგში. მან გამოთქვა სურვილი, აშშ-ში მიიღონ ის პირები, ვინც ჰონგ-კონგიდან რეპრესიებს გაურბის, უიღურების წინააღმდეგ მიმართული კამპანია კი გენოციდად შეაფასა. ბლინკენმა ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს შორის დაასახელა სინძიანგიდან პროდუქტების იმპორტის აკრძალვა, რომლის წარმოებაშიც იძულებითი შრომაა გამოყენებული, და ექსპორტზე იმ ნაწარმის გატანა, რასაც ჩინეთი მოსახლეობაზე ზეწოლისათვის გამოიყენებს. მან თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მართალი იყო, როდესაც ჩინეთისადმი უფრო მკაცრი მიდგომა არჩია, მიუხედავად იმისა, რომ ამის განხორციელების ზოგიერთ მეთოდში არ ეთანხმება.

კომენტარები