ჰონგ-კონგი

ჩინეთის მთავრობა ჰონგ-კონგის საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს შეიტანს

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები კიდევ ერთი წლით გადაიდო, რადგან ჩინეთის მთავრობა ქალაქის საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანას აპირებს. 

ოფიციალური პეკინის შეფასებით ეს ნაბიჯი იმისთვისაა საჭირო, რომ პოსტკოლონიური რეგიონის მმართველი ხელისუფლება "პატრიოტებით" იყოს დაკომპლექტებული. ჰონგ-კონგი ფაქტობრივად ქალაქ-სახელმწიფოა და სპეციალური რეგიონის სტატუსით სარგებლობს, რაც აქამდე მას ჩინეთის ხელისუფლებისგან გარკვეულ სუვერენიტეტს აძლევდა, მაგრამ ბოლო წლებში პეკინისგან ქალაქზე ზეწოლა განსაკუთრებით გაიზარდა.

ცვლილებების შესახებ ჩინეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრება, ერთი კვირის განმავლობაში იმსჯელებს.

ჩინელი კანონმდებელი ვან ჩენის თქმით, შეიცვლება საარჩევნო კომიტეტის ზომა, შემადგენლობა და ფორმირების გზები. საარჩევნო კომიტეტზეა დამოკიდებული ჰონგ-კონგის ლიდერისა და მისი კანონმდებლების ნაწილის არჩევა. 

ჰონგ-კონგის მედიის მიხედვით საარჩევნო კომიტეტის წევრთა რაოდენობა 1200-დან 1500-მდე გაიზრდება, ქალაქის საკანონმდებლო საბჭოს წევრთა რაოდენობა კი 70-დან 90-მდე. აქამდე 35 კანონმდებელს საარჩევნო უბნებსა და რეგიონალურ საბჭოებში ირჩევდნენ, მეორე ნახევარს კი პროფკავშირები ირჩევდნენ. ამ უკანასკნელში უმრავლესობა პროჩინური პოლიტიკის გამტარებელია. ფიქრობენ, რომ ახალი ცვლილება დაარღვევს ბალანსს პროპეკინის ძალებსა და პროდემოკრატ პოლიტიკოსებს შორის.

საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანა 2019 წლის ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომლის შემდეგ ჩინეთის მთავრობამ დემოკრატიული იდეების მქონე მრავალი ჰონგკონგელი პოლიტიკოსი დააკავა, ზოგიც კი პეკინის ზეწოლის გამო საზღვარგარეთ გაიქცა. 

გასულ წელს საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები ოფიციალურად COVID-19-ის გამო გადაიდო.

კომენტარები