ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის მთავრობამ საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები Covid-19-ის გამო გადადო

Yahoo

ჰონგ-კონგის მთავრობამ სექტემბერში დანიშნული საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები ახალი კორონავირუსის გამო ერთი წლით გადადო.

მთავრობაში განაცხადეს, რომ ახალი კორონავირუსის ინფიცირების რიცხვის გაზრდის ფონზე ეს გადაწყვეტილება აუცილებელია. 

ქალაქში გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა იმატა. შვიდმილიონიან ქალაქში გასულ 24 საათში ახალი ვირუსი 121 ადამიანს დაუდასტურდა. 

ამის მიუხედავად, ჰონგ-კონგის ოპოზიცია მთავრობას ადანაშაულებს, რომ პანდემიას მიზეზად იყენებს, რათა ხალხმა არჩევნებში მონაწილება არ მიიღოს.

არჩევნებში, რომელიც 6 სექტემბერს უნდა გამართულიყო, პეკინის გაზრდილი წნეხის ფონზე დემოკრატიის მომხრე კანდიდატების უმრავლესობით გამარჯვებას პროგნოზირებდნენ.

30 ივლისს ჰონგ-კონგის მთავრობამ 12 ოპოზიციონერს საკანონმდებლო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. მათ შორისაა ცნობილი ჰონგ-კონგელი ოპოზიციონერი და 2014 წლის მოძრაობა ქოლგას ლიდერი, ჯოშუა ვონგი.

მთავრობაში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ ოპოზიციონერს შეეხება.

ჩინეთის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის და უშიშროების ახალი კანონების მიღების მიუხედავად, ოპოზიციის მიერ ჩატარებულ პრაიმერში მონაწილეობა მიიღო 600 000-მდე ადამიანმა.

აღსანიშნავია, რომ 30 ივლისს ჰონგ-კონგში ჩინეთის მიერ მიღებული უშიშროების ახალი კანონების დარღვევის ბრალდებით პოლიციამ ოთხი სტუდენტი დააკავა.

ეს პოლიციის მიერ ჩატარებული პირველი ასეთი ოპერაცია იყო. დაკავებულებს ბრალად ედებათ სეცესიისაკენ მოწოდება. დაკავებულებს შორის არის პროდემოკრატიული ჯგუფის ყოფილი ლიდერი ტონი ჩენგი. მის გარდა დაკავებული სამი პირი ამ ჯგუფის წევრი იყო. ჯგუფი ივნისში, ახალი კანონების ძალაში შესვლამდე დაიშალა. მათ განაცხადეს, რომ ბრძოლას საზღვარგარეთიდან გააგრძელებდნენ, თუმცა ახალი კანონების მიხედვით სეცესიაში ბრალდებულების გასამართლება იმ შემთხვევაშიც შეიძლება, თუ ისინი ჰონგ-კონგის ან კონტინენტური ჩინეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.

---------

ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო.

ახალი კანონებით სეცესიის, მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. პეკინმა ჰონგ-კონგში უშიშროების ოფისი გახსნა, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ჰყავს. ჰონგ-კონგის მმართველს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე მოსამართლეების დანიშვნის უფლება ექნება და იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტს, უნდა იყვნენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გასაჩივრება შეუძლებელი გახდება. ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.

კანონების საფუძველზე ჰონგ-კონგის პოლიციას უფლებები გაეზარდა, მათ შორის, მათ შეუძლიათ, რეიდები და თვალთვალი ორდერის გარეშე ჩაატარონ. ცვლილებების საფუძველზე პოლიციას ეხსნება ზედამხედველობის სისტემის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე მათ ქცევას აკონტროლებდა. თუ პოლიცია ჩათვლის, რომ ეროვნული მნიშვნელობის გადაუდებელი საფრთხე არსებობს, მათ შეუძლიათ, ორდერის გარეშე ჩაატარონ ჩხრეკა, ამოიღონ ინფორმაცია ონლაინპლატფორმებიდან, აწარმოონ თვალთვალი და ა. შ.

პოლიციას შეეძლება, ონლაინ მედიაკომპანიებს უბრძანოს მისთვის ინფორმაციის გადაცემა, ამოიღოს მათი ტექნიკა, დააჯარიმოს ან დააკავოს მათი თანამშრომლები უარის შემთხვევაში. კომპანიებს ასევე მოუწევთ, პოლიციასთან ითანამშრომლონ პირების იდენტიფიკაციისა და შიფრის მოხსნის თვალსაზრისითაც. ამის გამო სოციალური მედიის კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ ჰონგ-კონგის პოლიციასთან თანამშრომლობას წყვეტენ. ზოგი მათგანი ჰონგ-კონგიდან მთლიანად გადის.

ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

ვრცლად უშიშროების ახალი კანონების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში - ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი.

კომენტარები