ვაქცინაცია

რატომ ვერ იღებს საქართველო ვაქცინას? — ვახტანგ კალოიანის განმარტება

Reuters

ევროპული საქართველოს წევრი, ვახტან კალოიანი ტაბულასთან იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც საქართველომ კორონავირუსის ვაქცინის მიღება ამ დრომდე ვერ მოახერხა. კალოანიას თქმით, დღეს, ინტერპრესნიუსის შემდეგ, ეურონიუს ჯორჯიამაც მიიღო პასუხი კოვაქსიდან ვაქცინაციისა და გამოგზავნის ვადების შესახებ, სადაც ნათლად ჩანს მიზეზები, რის გამოც ვაქცინა ჯერაც არ გვაქვს.

"ძალიან საინტერესო პასუხი მიიღო ეურონიუს ჯორჯიამაც კოვაქსიდან, სადაც ნათლად ჩანს ორი ძირითადი პრობლემა, რის გამოც ჩვენ ვაქცინა არ გვაქვს. ეს არის ფინანსური კომპენსაციის დოკუმენტის არარსებობა, ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ მათ ეს გააკეთეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ არ გააკეთეს. მეორე კი არის გადაუდებელი ავტორიზაცია ამ ვაქცინის, რასთან მიმართებაშიც, როგორც კოვაქსი გვეუბნება, ასევე არ არის მზადყოფნა. უნდა ითქვას ისიც, რომ მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ ის აპირებს უჩივლოს კოვაქსს სასამართლოში, რადგან ეს ბრალდებები არის ფუჭი, თუმცა ამის დასადასტურებლად არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენია". – ამბობს კალოიანი ტაბულასთან საუბრისას.

ვახტანგ კალოიანი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებასაც ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ფაიზერის ვაქცინის მიღებისთვის "გარკვეული დამატებითი მოთხოვნებია" საჭირო და კავშირში არაა ქვეყნის ტექნიკურ მზაობასთან ვაქცინის მიღებისთვის, არამედ "დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან". კალოანის თქმით, ეს არა დამატებითი, არამედ ის მოთხოვნებია, რომლებიც მიღებული გვაქვს ასტრაზენეკასთვის, მაგრამ არა ფაიზერისთვის.

"ეს არ არის დამატებითი კრიტერიუმები, ნახეთ მათი წინა ინტერვიუები, თვითონვე ამბობენ, რომ ეს ის კრიტერიუმებია, რომლებიც ჩვენ დავაკმაყოფილეთო, ანუ ჯანდაცვის კომიტეტზე გავიდა ფინანსური რისკების გადაზღვევის საკითხი და მიღებული გვაქვს ესო, ასევე მიღებული გვაქვს ავტორიზაციის საკითხიცო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მიღებული აქვთ მხოლოდ ასტრაზენეკასთვის და ფაიზერმა ეს დოკუმენტაცია, ასე ვთქვათ, არ დააკმაყოფილა". – თქვა კალოიანმა. 

კალოიანის აზრით, მთავარი სტრატეგიული შეცდომა საქართველომ ზაფხულში დაუშვა კოვაქსთან დაკავშირებით და ახლა, ფაქტობრივად, ალტერნატიული წყაროების გარეშე ვართ დარჩენილი. 

"სხვა კუთხით თუ შევხედავთ ამ საკითხს, სტრატეგიული შეცდომა დაშვებულია ჯერ კიდევ ზაფხულში, როდესაც ჩვენ არ დავიწყეთ რეალური და კონკრეტული საუბარი მწარმოებელ ქვეყნებთან, ვთქვათ, ფაიზერთან, ასტრაზენეკასთან და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მხოლოდ კოვაქსთან დაკავშირებით და მთელი ჩვენი ვაქცინაცია დავკიდეთ კოვაქსზე. ეს იყო ძირითადი შეცდომა, ყველაფერი დანარჩენი არის ამის შედეგი. ჩვენ არ გვაქვს ალტერნატიული წყაროები. კოვაქსიდან, იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მხოლოდ 20% საჭირო ვაქცინებისა.

იუნისეფი, კოვაქსი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არის ერთი გზა და ერთი მიმართულება, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა გამოყენებულიყო, ოღონდ, როგორც ერთ-ერთი ვარიანტი. პირველი დარღვევა არის ის, რომ კრიზისულ კომპონენტზე გავხდით დამოკიდებული. კოვაქსს რომ რაოდენობის კრიზისი ჰქონდა, ეს თავიდანვე ცნობილი იყო, პირველივე დღეებიდან ყველამ იცოდა, რომ კოვაქსი იქნებოდა დეფიციტური. პირველი მიწოდება რომ ექნებოდა უფრო ღარიბ ქვეყნებს, ვიდრე ჩვენ ვართ, ესეც ცხადი იყო. ეს რისკები იყო თავიდანვე გათვლადი". – ამბობს ვახტანგ კალოიანი.

ევროპული საქართველოს წევრი ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით 3 ძირითად პრობლემას გამოყოფს.

"1) მარტო ამ გზით წასვლა იყო სტრატეგიული შეცდომა. 2) დღეს შარლ მიშელის ვიზიტმა დაადასტურა, რომ თუ უმაღლეს დონეზე არ არის ეს საკითხი აწეული, ვგულისხმობ პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ა.შ., მისი მოგვარება ძალიან ჭირს, ამ კომპონენტში კი ხელისუფლების აქტიურობა არ გვინახავს. 3) რაც ყველაზე დიდი გამოწვევაა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ჩვენ გარდაუვლად გველოდება მინიმუმ წელიწადნახევარი უვაქცინოდ. უვაქცინობაში ვგულისხმობ იმუნური ფენის გარეშე, თორემ რაღაც რაოდენობის ვაქცინები აუცილებად იქნება.

შესაბამისად, ჩვენ რეგულაციები და ეკონომიკა ისე უნდა მოვარგოთ ერთმანეთს, რომ არც ეკონომიკის მიმართულებით ავფეთქდეთ და არც ეპიდემიის მიმართულებით. ახლა კი ვხედავთ, რომ ან მკაცრი შეზღუდვაა, ან სრული თავისუფლება, ორივე ძალიან სახიფათოა, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება განგრძობითი, პროგნოზირებადი შეზღუდვების ჩამონათვალი და გეგმა, რომელიც გარკვეულ დონეზე ხელს შეგვიწყობს ვმართოთ ეპიდემია. ეს საკითხი, რატომღაც, ყველას დავიწყებული აქვს. ახლა ჩვენ უვაქცინოდ გავხსენით ყველაფერი, რის გამოც შემდეგი ტალღების რისკი ძალიან მაღალია". – ამბობს კალოიანი.

ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ "საქართველო იქნება ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს", თუმცა, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არც ერთი დოზა არ არის.

ვაქცინის პირველი პარტია თებერვალში უნდა შემოსულიყო. ლაპარაკია, Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინის დაახლოებით 30 000 დოზაზე, რომელიც სამედიცინო პერსონალის აცრას მოხმარდებოდა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგების განცხადებით, Covax-პლატფორმიდან ვაქცინის მოწოდება მარტის ბოლომდე გადაიდო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მტკიცებით, ფაიზერმა დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა, რაც პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევას უკავშირდება. თუმცა, 1 მარტს, IPN-მა Covax-ის განმარტება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, თებერვალში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს

საქართველოში ფაიზერის გარდა, Covax-პლატფორმიდან ასტრაზენეკას 184 000 დოზა ვაქცინა უნდა შემოსულიყო, თუმცა, NCDC-ის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში პირველად ვაქცინის ის დოზები შემოვა, რომელიც პირდაპირ მწარმოებლისგან იყიდეს. მისი აზრით, ეს უფრო რეალური ჩანს.

ვაქცინაცია უკვე დაიწყო მსოფლიოს 103 ქვეყანაში. ჯამურად ამ ქვეყნებში 241 მილიონი აცრა გაკეთდა.

კომენტარები