ვაქცინაცია

გაბუნია: ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაციის დაწყება

თამარ გაბუნია

"მე ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია ასტრაზენეკას ვაქცინით დავიწყოთ". – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ იქამდე, "შესაძლოა, ფაიზერმაც მოგვისწროს".

"აპრილში უფრო გაიშლება ვაქცინაცია, რადგან დამატებითი დოზების მოლოდინი გვაქვს". – თქვა გაბუნიამ.

ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ "საქართველო იქნება ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს", თუმცა, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არც ერთი დოზა არ არის.

ვაქცინის პირველი პარტია თებერვალში უნდა შემოსულიყო. ლაპარაკია, Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინის დაახლოებით 30 000 დოზაზე, რომელიც სამედიცინო პერსონალის აცრას მოხმარდებოდა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგების განცხადებით, Covax-პლატფორმიდან ვაქცინის მოწოდება მარტის ბოლომდე გადაიდო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მტკიცებით, ფაიზერმა დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა, რაც პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევას უკავშირდება. თუმცა, 1 მარტს, IPN-მა Covax-ის განმარტება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, თებერვალში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს

საქართველოში ფაიზერის გარდა, Covax-პლატფორმიდან ასტრაზენეკას 184 000 დოზა ვაქცინა უნდა შემოსულიყო, თუმცა, NCDC--ის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში პირველად ვაქცინის ის დოზები შემოვა, რომელიც პირდაპირ მწარმოებლისგან იყიდეს. მისი აზრით, ეს უფრო რეალური ჩანს.

ვაქცინაცია უკვე დაიწყო მსოფლიოს 103 ქვეყანაში. ჯამურად ამ ქვეყნებში 241 მილიონი აცრა გაკეთდა.

კომენტარები