დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი აშშ-ს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი
Reuters

დონალდ ტრამპი, მას შემდეგ რაც ჯო ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა, სიტყვით საჯაროდ პირველად  გამოვიდა.

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნოემბერში არჩევნები გაყალბების გამო წააგო. ტრამპი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მიიღოს მონაწილეობა და "მესამედ გაიმარჯვოს".

"ხომ იცით, მათ თეთრი სახლი დაკარგეს. მაგრამ ვინ იცის, ვინ იცის? შესაძლოა, გადავწყვიტო ისინი მესამედ დავამარცხო". – თქვა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა უარყო ინფორმაცია, რომ ის ახალი პარტიის ჩამოყალიბების აპირებს და ამ ინფორმაციას ყალბი ახალი ამბები უწოდა. ტრამპი აღნიშნავს, რომ ახალი პარტიის ჩამოყალიბება რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა ხმების გაყოფას გამოიწვევს.

"ეს ხომ ბრწყინვალე იქნებოდა? მოდი, შევქმნათ ახალი პარტია, გავყოთ ჩვენი ხმები და ვერასოდეს გავიმარჯვოთ... ჩვენ გვაქვს რესპუბლიკური პარტია. ის გაერთიანდება, იქნება ძლიერი, როგორც არასდროს". – თქვა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია საიმიგრაციო პოლიტიკის შემსუბუქების გამო გააკრიტიკა.

"ყველამ ვიცოდით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცუდი იქნებოდა, მაგრამ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენდა, როგორი ცუდი იქნებოდა და რა შორის წავიდოდნენ". – თქვა ტრამპმა.

თებერვალში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მეორე პროცესი გაიმართა. აშშ-ს სენატმა ყოფილი პრეზიდენტის მსჯავრდებას მხარი არ დაუჭირა. ტრამპი აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. ​მას კაპიტოლიუმში შეჭრის წახალისებას ედავებოდნენ.

2020 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ სხვადასხვა სოციალურმა პლატფორმებმა დონალდ ტრამპის ანგარიშები დაბლოკეს, მათ შორის Facebook-მა, Twitter-მა და YouTube-მა. სოციალური მედიების წარმომადგენელთა თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშების დაბლოკვის საჭიროება ძალადობის წაქეზების რისკების შემცირების აუცილოებლობით ახსნა.

კომენტარები