სომხეთი

სომხეთის პრეზიდენტმა უარი თქვა გენერალური შტაბის მეთაურის გათავისუფლებაზე

Reuters

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უარი თქვა დაეკმაყოფილებინა პრემიერმინისტრის წინადადება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის, გადაყენების შესახებ. ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

პრესსამსახურის თანახმად, პროექტი, გენერალური შტაბის მეთაურის გათავისუფლების თაობაზე, პრეზიდენტის აპარატმა შეისწავლა და განიხილა იურისტებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად. მიღებული დასკვნით თანახმად, ინიციატივა "ძირეულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას".

ოფიციალურ განცხადებაში გაზგასმულია, რომ სომხეთის პრეზიდენტი "არ უჭერს მხარს არც ერთ პოლიტიკურ ძალას" და "მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით" ხელმძღვანელობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეიარაღებული ძალები "პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალურები უნდა დარჩნენ"

პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს განმეორებით გაუგზავნის ოფიციალურ მიმართვას, გენერალური შტაბის ხელმძღვანელის გათავისუფლების თაობაზე.

სომხეთის კანონმდებლობის მიხედვით, თუ სომხეთის პრემიერმინისტრი პრეზიდენტს მიმართავს უმაღლესი სამხედრო საბჭოს წარმომადგენლის გათავისუფლების შესახებ საკანონმდებლო აქტით, პრეზიდენტს შეუძლია, სამი დღის ვადაში აქტი უარყოფით დაუბრუნოს პრემიერმინისტრს. თუ პრემიერმინისტრი აქტის უარყოფას არ მიიღებს, პრეზიდენტი ვალდებულია ან ხელი მოაწეროს აქტს, ან მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. 


ფაშინიანმა სომხეთის გენერალური შტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლება მას შემდეგ მოითხოვა, რაც გასპარიანმა ხელი მოაწერა სამხედრო ძალების მაღალჩინოსნების განცხადებას ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნის შესახებ. თავის მხრივ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამ უკანასკნელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე ტირან ხაჩატრიანი.

გენშტაბის შეფასებით ხაჩატრიანის გათავისუფლება არაშორსმჭვრეტელური და უსაფუძვლო იყო, ქმედების მიზეზად კი ფაშინიანის პირადი და ამბიციური მისწრაფებები დაასახელეს.

პრემიერმა სამხედრო პირების მოქმედებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა.

სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტებმა, რობერტ კოჩარიამა და სერჟ სარგსიამა, მოსახლეობას სამხედრო გენშტაბის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ერევანში კი საპროტესტო აქციები გამართეს როგორც ფაშინიანის, ასევე გენშტაბის მხარდამჭერებმა.

კომენტარები